EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 19:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/5070/?month=9&year=2015
 
 უკან

ჩემი სამსახურის საყვარელი ნაწილი ადამიანებთან ურთიერთობაა

11.02.2015
უილიამ ბოიდი, 34, დიდი ბრიტანეთი

მე სამოქალაქო პირი ვარ, ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს და ვმუშაობდი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ასევე ლობისტად ბრიუსელში. საქართველოში ჩამოსვლამდე დაახლოებით ოთხი წელი ბალკანეთში გავატარე, საიდანაც ორნახევარი წელი სკოპიეში ეუთოს მისიაში გავატარე. იქამდე სკოპიესა და კოსოვოში ვიყავი და ვმუშაობდი სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ტრეფიკინგისა და უმცირესობების უფლებების თემებზე.

ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლით საშუალება მომეცემოდა მეცხოვრა და მემუშავა სხვადასხვა ქვეყნებში და გამეცნო მათი კულტურა. ეს იყო მთავარი მიზეზი და ასეც მოხდა. დიდ ბრიტანეთში 13 წლის ასაკიდან აღარ მიცხოვრია და მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ყოველთვის ჩემი სამშობლო იქნება, თავს ნებისმიერ ადგილას კომფორტულად ვგრძნობ. მე ვარ ამაყი მამა, ვარ ბედნიერი ქორწინებაში, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით, მიყვარს რაგბი (თუმცა ბოლო დროს იშვიათად ვთამაშობ), საჭმელი და კინო.

საქართველოში 2013 წლის ივნისში ჩამოვედი და მას შემდეგ გორის რეგიონალურ ოფისში ვმუშაობ. თავდაპირველად ადმინისტრაციული საზღვრის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ნაწილი ვიყავი, შემდეგ ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში გადავედი და გასული წლიდან ანგარიშგებისა და ინფორმაციის ოფისში ვმუშაობ.

მე მიყვარს ეს ქვეყანა და ხალხის სტუმართმოყვარეობის შესახებ გაგონილი ამბები სრული სიმართლეა. აქამდე შეძენილი გამოცდილებიდან ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ აქ ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი და დავქორწინდი.

ძალიან ამაღელვა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული რეალობის უსამართლობამ - ღობეებით შუაზე გაყოფილი სოფლები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ შეუძლია ოჯახის წევრების ნახვა, საკუთარი მიწის დამუშავება ან წინაპრების საფლავებზე მისვლა. ეს ძალიან სამწუხაროა და მხოლოდ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში იქნება პროგრსი და მოხერხდება სხვადასხვა მხარეების შერიგება.

პოზიტიურსაც რომ შევეხოთ, გასულ წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციას და რაგბის კავშირს მხარი დაუჭირა გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული პრეზენტაციების ჩატარებაში. მისიამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე მდებარე ორ სკოლაში გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონიაწილეობა, რაც რაგბის მოკლე წვრთნით გაგრძელდა. გაოცებული ვიყავი რამდენად ბედნიერი იყო ყველა იქ მყოფი, ბავშვებიდან დაწყებული ყოფილი საერთაშორისო რაგბისტებით დამთავრებული. ეს ჩვენი ყოველდღიური მოვალეობებისაგან მეტად განსხვავებული, მაგრამ უაღრესად ღირებული და საინტერესო გამოცდილება იყო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადგილობრივი ინიციატივები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ პროექტმა ეს დამიდასტურა.

მუშაობასთან ერთად, რაც რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩემი საქმის საყვარელი ასპექტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, თავად მისიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ბევრი კოლეგა მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. მათთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა.

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც შთამბეჭდავი ისტორია, ხალხი და ტრადიციები გააჩნია. თუ არ ყოფილხართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ.