EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 19:11:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6582/?page=2&year=2019
 
 უკან

ჩემი ღრმა რწმენით, შეგვიძლია კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს დავეხმაროთ მათი ამბების მსმენელამდე მიტანით და გაჟღერებით

06.02.2019

კარინ ეკლუნდი, შვედეთი

საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში 2018 წლის ივლისში ჩამოვედი. გამიხარდა, როცა შევიტყვე რომ მისიაში მიმიღეს და მომეცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენისთვის მანდატის თანახმად, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დამტკიცდა.

საქართველოში და პოსტ-კონფლიქტურ გარემოში მუშაობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი სამუშაოს ყველაზე სასიამოვნო ასპექტად მიმაჩნია ადმინისტრაციული სასაზრვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. 

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის დღე, როცა ადგილობრივი ბავშვების ჯგუფი მისიის სათავო ოფისში წავიყვანეთ, სადაც 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსზე წარდგენილი ნახატებისთვის დაჯილდოვდნენ. მათმა სიხარულმა დამაჯერა, რომ რაღაცას მართლაც უკეთესობისკენ ვცვლით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში დაბადებულ ახალ თაობას იმედის ნაპერწკალს ვაძლევთ.

მშვიდობიან მოსახლეობაზე კონფლიქტების გავლენის საკითხებში ჩემმა დაინტერესებამ განაპირობა ის, რომ ჯერ რამდენიმე წელიწადი ვიმუშავე მიგრაციისა და ლტოლვილების სფეროში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ხოლო შემდეგ კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრი გავხდი.

ჩემი აზრით, საქართველოში ხალხი ძალიან თბილი და გახსნილია. ყოველდღიური პატრულირებისას უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომლებიც ყოველთვის ღიმილით გვეგებებიან და ზოგჯერ ქართულ სუფრაზეც გვეპატიჟებიან.

სამუშაოს ფარგლებში ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე ბევრი ისეთი ადამიანის ისტორია, რომელმაც ომი და ძალადობა გამოიარა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კონფლიქტი ერთმანეთს არ გავს და ყველას თავისებური, უნიკალური სირთულე ახასიათებს, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან შეხვედრისას ხშირად ვგრძნობ, რომ ისინი ერთსა და იმავე შიშს განიცდიან, შიშს იმისა, რომ მათ ამბებს არავინ გააჟღერებს, თვითონ კი  „დავიწყებულ კონფლიქტში მიტოვებულ ადამიანებად“ დარჩებიან.

ჩემი ღრმა რწმენით, ჩემი წვლილი გამოიხატება იმაში, რომ ვიღაცას ვეხმარები მისი ამბის მსმენელამდე მიტანით და გაჟღერებით. ამიტომაც მეამაყება და მიხარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა და ის, რომ ყოველდღიური წვლილი შემაქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გარე დაინტერესებული მხარეების ადგილზე არსებული სიტუაციისა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შესახებ ინფორმირებაში.