ევროკავშირი, მსოფლიო არენაზე მთავარი მოთამაშეა გლობალური და რეგიონალური უსაფრთხიების ინტერესებითა და პასუხისმგებლობებით. საერთო საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი ერთხმად საუბრობს ძირითად საერთაშორისო საკითხებზე.
ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, დიპლომატიაში ირანთან და კოსოვოს ჩათვლით დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობის განმტკიცებაში. მას გააჩნია ჯარები, პოლიცია და მოსამართლეები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტების შემდგომ ქვეყნებსა და რეგიონებში სტაბილიზაციას. სტიქიური უბედურებების შემდეგ ევროკავშირი საგანგებო დახმარებას უწევს.
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) დაფუძნებულია მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წელს და შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა ისეთი ხელშეკრულებებით, როგორიცაა ამსტერდამის ხელშეკრულება (1999), ნიცის ხელშეკრულება (2003) ან ლისაბონის ხელშეკრულება (2009).
2014 წლის 14 ნოემბრიდან ფედერიკა მოგერინი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელია. ქ-ნი მოგერინი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა საბჭოს და ატარებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ეხმარება უმაღლესს წარმომადგენელს.
საერთო საგარეო პოლიტიკის მიზნებია:
ევროკავშირის ღირებულებების დაცვა, ფუნდამენტური ინტერესები, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და მთლიანობა;
დემოკრატიის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები;
მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება;
მოსახლეობისათვის, ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ბუნებრივ და ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში დახმარების გაწევა.