21 თებერვალს ჯოშუა ფიშელი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ლტოლვილთა საკითხების რეგიონული კოორდინატორი მისიის მცხეთის ოფისს ეწვია. მცხეთი ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ სტუმარს მისიის მანდატის, რეგიონალური ოფისის საქმიანობის, ყოველდღიური ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ბრიფინგი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა ზოგადი მდგომარეობის, მათი საცხოვრებელი პირობების და უსაფრთხოების საკითხებს.
მოგვიანებით ბატონი ფიშელი ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად პატრულირებაზე გაემგზავრა და მისიის პროცედურებს გაეცნო. პატრულირებაზე გასულმა ჯგუფმა წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებები მოინახულა. პატრულირების დროს აშშ-ს წარმომადგენელი გაესაუბრა დევნილებს, რომლებმაც თავიანთი ყოველდღიური პრობლემები გაუზიარეს.