11 აპრილს მაღალი რანგის დიპლომატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რვა ქვეყნიდან (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი) თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვივნენ.
ისინი საქართველოში „ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების“ (e-PINE) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩამოვიდნენ. „ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერება“ იმ ქვეყნების გაერთიანებაა, რომლებიც მიზნად ისახავენ „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვის ხელშეწყობას“. „ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების “ ფარგლებში თანამშრომლობის სამი ფართო სფერო უსაფრთხოებას, ჯანსაღ საზოგადოებასა და ძლიერ ეკონომიკას მოიცავს.
სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის რეჟიმისა და ზოგადად გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით.
გუშინ "ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების" პოლიტიკური დირექტორები საქართველოს პრემიერ - მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ასევე, საპარლამენტო უმცირესობას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კვლევითი ცენტრების, მათ შორის, ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიური აკადემიური შეხვედრა პოლიტიკური დირექტორების შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს.