21 და 22 აპრილს ნორდრჰეინ-ვესტფალენის პოლიციის აკადემიის 20 წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მათ თან ახლდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანიის საპოლიციო კონტინგენტის მეთაური იოაჰიმ რიგერი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ დელეგაციას გააცნო ინფორმაცია ოფისის სტრუქტურის და ასევე მისი პასუხისმგებლობის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფების ხელმძღვანელებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების საკითხებისა და ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის შესახებ. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პატრულირებაში ოძისის გამშვებ პუნქტთან და მოინახულა იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი დასახლება წეროვანში და წილკანში, სადაც დელეგაციის წევრები ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.