EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 19:11:56
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5026/?page=4&year=2014
 
 უკან

გოგა აფციაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზით დააჯილდოვა

23.12.2014
19 დეკემბერს, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014 ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური პრიზით მშვიდობის ჟურნალისტიკაში ბატონი გოგა აფციაური დააჯილდოვა.

პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.

წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ბატონ გოგა აფციაურს გადაეცა სტატიისთვის „სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი“. ჟურნალისტი მკითხველს ბოსნია-ჰერცოგოვინაში მოგზაურობის შესახებ მოუთხრობს. ნამუშევარი გვაფიქრებს იმაზე თუ როგორ ჰგავს ერთმანეთს ყველა ომი და რამდენი საერთო შეიძლება იპოვონ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფმა ადამიანებმა, მაშინაც კი, როდესაც მათ პირობითი საზღვრები ჰყოფთ ერთმანეთისაგან.

„ჩვენ, ჟურნალისტემა, რომლებიც რეგიონში ვმუშაობთ და ომი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ალბათ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ამ ჯილდოს მიღება დიდი პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა ბატონმა აფციაურმა დაჯილდოვების ცერემონიაზე. მან დასძინა, რომ გააგრძელებს სტატიაში აღწერილ თემებზე მუშაობას და შეეცდება ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ბატონმა აფციაურმა მოგვიანებით საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა: „სასიამოვნოა როცა აღიარებენ შენს ნაშრომს, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნოა როცა ცხინვალიდან და სოხუმიდან მიიღებ მილოცვას. ყველაზე მეტად ეს მახარებს რომ კოლეგები იქაც მენდობიან და ვეცდები ეს ნდობა გავამართლო“.

ბატონ აფციაურს მიეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს „კავკასიის პროგრამაში“ ქალაქ ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში, სადაც ის მომავალი წლის გაზაფხულზე გაემგზავრება.