EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5361/?page=7&year=2016
 
 უკან

ქალთა საერთაშორისო დღე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "უკეთესი მომავლისთვის"

07.03.2016
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა, ქალთა სახეების წარმოსაჩენად, ჩაწერა ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“ აღმასრულებელ დირექტორთან ნანა ჩქარეულთან. არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ქალების და ახალგაზრდების როლის გასაძლიერებლად და აქტიურად საქმიანობს წეროვანის დევნილთა დასახლებაში. მცხეთის რეგიონალური ოფისი წლების განმავლობაში რეგულარულად ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე პატრულირებს დასახლებაში მაღალი დონის სტუმრების მონაწილეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: რა იყო თქვენი მოტივაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“ შესაქმნელად?

ქ-ნი ნანა ჩქარეული: 2008 წლის კონფლიქტამდე ვხელმძღვანელობდი არასამთავრობო ორგანიზაციას ახალგორში, რომელიც ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. შემდეგ გავხდი დევნილი და მივხვდი, რომ არსებობს ახალი პოსტ-კონფლიქტური გამოწვევები. გადავწყვიტე შემექმნა ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“ ჩემს მეგობარ ქალბატონ მაკა მწითურთან ერთად, რომელიც ასევე ახალგორიდან არის. ჩვენს ორგანიზაციაში მხოლოდ ქალები მუშაობენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
: რატომ მხოლოდ ქალები?

ეს არ იყო ჩაფიქრებული როგორც ქალთა ორგანიზაცია, თუმცა, ზოგადად, ქალები უფრო ჩართულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ქმედებებში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: როგორ განიხილავთ ქალთა როლს კრიზისულ სიტუაციაში და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში?

ქალთა როლი ნამდვილად გადამწყვეტია კრიზისულ სიტუაციებში და ეთნიკურ კონფლიქტებში. როდესაც მამაკაცები ომში მიდიან, ქალები სახლში უნდა დარჩნენ და ისინი სიტუაციის დაბალანსებას ცდილობენ. მახსენდება ერთი ღონისძიება, რომელიც კონფლიქტის პერიოდის შემდეგ მოხდა, როდესაც დევნილმა ქალებმა მოაწყვეს აქცია ლოზუნგით "აღარ იყოს ომი" ომის გმირ ძმათა სასაფლაოზე თბილისში, რათა ომის დამანგრეველი შედეგების შესახებ ცნობიერება აემაღლებინათ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: და ახლა კონფლიქტის შემდეგ, თქვენ ხედავთ რამე განსხვავებას დევნილ ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებთან ბრძოლა ძირითადად ქალებს უწევთ. ადრეულ ეტაპზე მამაკაცები ძალიან იმედგაცრუებულნი არიან და ოჯახური ცხოვრების გასაგრძელებლად ქალი უფრო მობილიზებული და მოტივირებული უნდა იყოს. რაც დრო გადის, მამაკაცი მუშაობაზე ფოკუსირებას ცდილობს და ქალები საშინაო მოვალეობებს ასრულებენ. ამ თვალსაზრისით, სიტუაცია იგივეა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა სოფელში. მამაკაცთა და ქალთა როლი საზოგადოებაში კულტურით, ტრადიციით და რელიგიით განისაზღვრება. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ დევნილთა დასახლებებში ქალთა ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღების პროექტს სახელწოდებით „იმიტომ რომ ქალი ვარ“. ფაქტობრივად, ფილმში დასმული საკითხები დაკავშირებულია უფრო კულტურასთან, ვიდრე დევნილთა სიტუაციასთან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: თქვენი აზრით, რა არის ქართველ ქალებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული პრობლემები?

არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ ყველაზე დიდია ცნობიერების ნაკლებობის პრობლემა. საქართველოში ქალების უმრავლესობა არ მიიჩნევს, რომ გენდერზე დაფუძნებულ პრობლემებს მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეცადეთ, ხელი შეგვეწყო წეროვანის დევნილთა დასახლების ქალებს მონაწილეობა მიეღოთ „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივობის“ ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში, საბოლოოდ მხოლოდ ხუთი მონაწილე გვყავდა.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქალთა შორის სოლიდარობის განვითარებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ხედავთ რამე განსხვავებას ახალგაზრდა და უფროს თაობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით?

ნამდვილად, ახალგაზრდები უფრო ღიები არიან და მათ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში ჩართვის მეტი სურვილი აქვთ. მას შემდეგ, რაც გაიხსნა საზღვრები, მათ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა შეუძლიათ შეადარონ. ისინი იძენენ გამოცდილებას საზღვარგარეთ და ადამიანის უფლებების და გენდერული საკითხების შესახებ მეტი იციან. ისინი არიან ჩვენი უკეთესი მომავლის იმედი!

*****
არასამთავრობო ორგანიზაცია 2002 წელს სახელწოდებით „ახალგორის ახალგაზრდული ასოციაცია“ დაარსდა. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, ორგანიზაციას მოუწია ახალგორის დატოვება. შედეგად, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები შეიცვალა და ორგანიზაციას „უკეთესი მომავლისთვის“ ეწოდა.

ორგანიზაციის ბენეფიციარების უმრავლესობა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დევნილები არიან და მათ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვთ. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთთან მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესები ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია. „უკეთესი მომავლისთვის“ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ნდობის აღდგენისა და დიალოგის ხელშესაწყობად. 2009 წლიდან ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა ნდობის აღდგენის დიალოგში, რომელიც „ნეიტრალურ“ ტერიტორიაზე დისკუსიებში მონაწილეობისთვის ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აერთიანებს. „უკეთესი მომავლისთვის“ ასევე მუშაობს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, მათ შორის ამჟამად სამხრეთ ოსეთის მხარეს მცხოვრებ ეთნიკურ ოსებთან და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.




ნანა ჩქარეული და მაკა მწითური