EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 04:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5428/?month=12&year=2016
 
 უკან

ქალებს მშვიდობის შენარჩუნება უკეთ შეუძლიათ

31.05.2016
საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თიანეთის მთიანი მუნიციპალიტეტის 87 სოფელში 14,000 ადამიანი ცხოვრობს. როგორც დანარჩენი საქართველო, ეს რეგიონიც მდიდარია ისტორიული ძეგლებით, სტუმართმოყვარე ხალხით და ტურისტული მარშრუტებისთვის მიმზიდველი ბუნებით. იგი ასევე ცნობილია ხინკალით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი დელიკატესია. ქალაქი თიანეთი, ყოველ შემოდგომაზე, სახალხო დღესასწაულ "თიანეთობის" აღნიშვნის დროს, ხინკლის ფესტივალს მასპინძლობს. ამასთან, ის რაც თიანეთს გამოარჩევს ის არის, რომ ეს საქართველოში ერთადერთი რეგიონია, სადაც მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელად ქალი გამგებელი ჰყავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები თიანეთის გამგებელს ქ-ნ ლელა ქიტესაშვილს შეხვდნენ, რათა გაეგოთ, თუ როგორ ხედავს იგი თავის როლს, როგორც პირველი ქალი გამგებელი საქართველოში და რისი გაკეთება შეუძლია, რათა პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში საქართველოში მცხოვრებ ქალებს მეტი უფლებამოსილება ჰქონდეთ.

ეს ამბავი ჩვენი "ქალთა პორტრეტების" ინტერვიუების სერიიდანაა, რომელსაც იმ გავლენიან ქალებთან ვატარებთ, ვინც საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა სექტორში აქტიურობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: როგორ ხედავთ თქვენს როლს, როგორც საქართველოში ერთადერთი გამგებელი ქალი?

- გამგებლად არჩევა და ჩემი რეგიონის წარმოდგენა დიდი პატივია. ვცდილობ გავაკეთო რაც შემიძლია, რომ ქალებმა მეტი უფლებამოსილება და მხარდაჭერა მიიღონ იმისთვის, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავონ. ქალებს ბევრი ცოდნა და ლიდერობის შესაძლებლობები გააჩნიათ. გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ ქალები თავისი მოვალეობების შესრულებისას ყურადღებას უფრო საზოგადო კეთილდღეობაზე და არა პირად სარგებელზე მიმართავენ. ამიტომაც მე ადგილობრივ ადმინისტრაციაში გენდერული ბალანსისკენ ვისწრაფვოდი. ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის მაღალ პრიორიტეტებს ასევე სოციალური კეთილდღეობა და მომსახურების გაუმჯობესება წარმოადგენს.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მე ასევე გენდერული ასპექტების საკითხებს განვიხილავ. 2016 წლის შემდეგ, ადმინისტრაციაში დაინიშნა მრჩეველი გენდერულ საკითხებში, ვინც ანგარიშებს პირდაპირ მე მაბარებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, მინდა, რომ მეტი ჩემი თანამემამულე ქალი მუშაობდეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე პოლიტიკურ დაწესებულებებში. მიმდინარე დისკუსია საქართველოს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტების შესახებ იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული დადებითი ნაბიჯი გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც სარგებლობას მოუტანს მთელი საქართველოს მოსახლეობას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: თქვენი მოვალეობების შესრულებისას გამოწვევები თუ გქონიათ იმის გამო, რომ ქალი ხართ?

- ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა არ მქონია. პირიქით, ჩემს გარშემო მყოფი მამაკაცების და ქალების ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემი სქესის გამო რაიმე წინააღმდეგობა ან დისკრიმინაცია მამაკაცი კოლეგებისგან არ მიგრძვნია. თანაბარ პატივისცემას ვგრძნობ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ქალებს და მამაკაცებს სხვადასხვა საჭიროებები აქვთ?

- მამაკაცები და ქალები განსხვავებულები არიან და ბუნებრივია, რომ ამას ზეგავლენა აქვს ჩვენს სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ საკითხებს სხვადასხვანაირად ვხედავთ. მაგალითად, ქალები, რომელთაც შვილები საბავშვო ბაღში დაჰყავთ, ყოველდღიურად აწყდებიან ცუდ საგზაო პირობებს, რაც მათ იქ დროზე მისვლას ურთულებს და აქედან გამომდინარე, ამ საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე აყენებენ, ხოლო მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ასეთ აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
: რა როლი აქვთ ქალებს დღეს საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში?

- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მამაკაცებმაც და ქალებმაც რთული დრო გამოიარეს საქართველოში კონფლიქტის პერიოდში. ჩვენი კაცები უფრო უშუალოდ იყვნენ კონფლიქტში ჩართულები და კონფლიქტის შემდეგ ბევრი კაცი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ოჯახი და საზღვარგარეთ დაეწყო მუშაობა იმისათვის, რომ ოჯახი ფინანსურად შეენახა. ყველაფერმა ამან ქალებს მძიმე ტვირთი არგუნა და მათ ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუხდათ. თუმცა, დღევანდელ პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში, ქალები უფრო თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები არიან. ხშირ შემთხვევაში ქალებს ასევე ოჯახში ძირითადი შემოსავალი შემოაქვთ. ეს კარგია არა მხოლოდ ბალანსისთვის, არამედ დადებითი გავლენა აქვს მამაკაცებისა და ქალების სოციალურ კეთილდღეობაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
: როგორია თქვენი აზრი ევროპელი ქალების შესახებ?

- ჩემი აზრით და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ევროპელი ქალები არიან განათლებულები, დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები. ყველა ეს დადებითი თვისებაა. გარდა ამისა, ევროპაში ბევრი ძლიერი და გავლენიანი ქალი ჩართულია პოლიტიკაში, რაც მისაბაძია როგორც მომავალი თაობის ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. მეტი ქალის ჩართვა მედიაციის პროცესში და მათი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, ხელს შეუწყობს გრძელვადიან სტაბილურობას, განვითარებას და მშვიდობას. ჩვენ, ქალებს, მშვიდობის შენარჩუნება უკეთესად შეგვიძლია!

ქ-ნი ლელა ქიტესაშვილი, 2014 წელს, თიანეთის საარჩევნო ოლქში, ქართული ოცნების პარტიიდან იქნა არჩეული. საარჩევნო კამპანიის დროს იგი კენჭს იყრიდა ხუთ მამაკაც კანდიდატთან ერთად და მეორე ტურში 67%-ით მოიგო. საქართველოს 73 გამგებელსა და მერს შორის იგი ერთადერთი ქალია. მას ოთხწლიანი მანდატი აქვს.