EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5601/?page=3&year=2016
 
 უკან

პატრულირება გორის რეგიონალური ოფისიდან მამისონის უღელტეხილზე

08.08.2016
ავტორი: მაია ბუთხუზი. გორის რეგიონალური ოფისი

... განთიადი, წინ საინტერესო მოგზაურობაა. გველის მთათა ჯაჭვი, რომელიც უნდა გადაგველახა. მწვერვალებისა და მყივნარების გასაოცარი ხედებით გამოფხიზლებულმა საპარტულო ჯგუფმა დაიწყო მზადება. ემოციებით აღსავსე და ყველანაირი საჭირო აღჭურვილობით დატვირთული ორი ტოიოტას მანქანა ემზადებოდა გასასვლელად.

“-Gata?” (რუმინულ ენაზე), რაც ნიშნავს „მზად ხართ?“ - პატრულირების რუმინელი ლიდერის მიერ წარმოთქმული ეს სიტვები იყო სიგნალი ჩვენი სათავგადასავლო სამუშაო მოგზაურობის დასაწყისისა მამისონის უღელტეხილზე.

მამისონის უღელტეხილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2892მ (9488 ფუტი) სიმაღლეზე და წარმოადგენს მაღალ სამთო უღელტეხილს, რომელიც განლაგებულია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ეს გზა ერთ-ერთია ევროპის 50 ყველაზე მაღალი სამთო გზიდან. გზა უღელტეხილამდე დაკლაკნილი იყო და ჩვენ ვჯაყჯაყებდით გზის უსწორმასწორობებზე, წინ მიგვიძროდა მთის კალთებზე ნატიფად დაკლაკნილი გზა, თავისი მკვეთრი და ბრმა მოსახვევებით და მოულოდნელი აღმართებითა და დაღმართებით. საქართველოში  ყველაზე მაღალი უღელტეხილი, რომელზეც შეიძლება მგზავრობა მხოლოდ 4x4 ტიპის მანქანებით, გახსნილია მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი თოვლის გამო, ის მდებარეობს კავკასიოანის ქედის ცენტრალურ ნაწილში, იმ ადგილას, სადაც მდებარეობს გეოგრაფიული საზღვარი აზიასა და ევროპას შორის. მთის წვერვალის მახლობლად, ზღვის დონიდან 2847მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეო (ამინდის) სადგური. ეს ზუსტად ის ადგილი იყო, რომლიდანაც საპატრულო ჯგუფი აპირებდა დაკვირვებას მაქსიმალური შესაძლებელი სიმაღლიდან.

მგზავრობა იყო რთული და საინტერესო. ერთი მხრივ, უდაოდ მისი საშიში გზებისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო. მეორე მხრივ, კი საპატრულო ჯგუფს პატივად ხვდა ისეთი მნიშვნელოვანი სტუმრების მასპინძლობა, როგორებიც არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტუს იანკაუსკასი და საქართველოში იტალიის ელჩი - ანტონიო ენრიკო ბარტოლი. ისინი შემოუერთდნენ საპატრულო ჯგუფს ამ რთულ, მაგრამ ამავდროულად დაუვიწყარ მოგზაურობაში მამისონის მიმართულებით. მას შემდეგ რაც გადავკვეთეთ ორი სწრაფი მთის მდინარე და კიდევ რამდენიმე საზაფხულო ნაკადული, გავიარეთ ვიწრო გზა, რომელიც გარშემორტყმული იყო ციცაბო კლდეებით, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზაფხულო ბანაკს. მათ მიგვასწავლეს გზა, რომელიც მიდიოდა მწვერვალისკენ, საიდანაც პატრულირების ჯგუფს ექნებოდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ადმინისტრაციული საზღვრის ყველაზე მაღალ წერტილებს, რომლებსაც მისია აკვირდება. მესაზღვრეებმა ასევე შემოგვთავაზეს ცოტაოდენი შეშაც, რომელიც შემდეგ დაგვეხმარა გრძელი, ცივი, მაგრამ მშვიდობიანი ღამის გატარებაში მთებს შორის.
უგზოობაზე ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენ მივადექით პატარა ბარაკს საქართველოს დროშით. ეს იყო ბოლო ქართული საგუშაგო. ხედი იყო სრულიად გამაოგნებელი. გარს ყველაზე მაღალი მყინვარები გვერტყა, თითქოს არ უხაროდათ უცხოს მიღება, რომელიც არღვევდა მათ მუდმივ მდუმარებას. ჩვენ გავაჩერეთ მანქანები და დავიწყეთ მზადება ხანგრძლივი ქვეითი პატრულისათვის ჭანჭახის მყინვარის მიმართულებით, რომლის სამხრეთი ფლანგი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი კი პრაქტიკულად რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ასვლა იყო ხანგრძლივი და რთული. მთის პირობები მეტისმეტად მკაცრი იყო ჩვენთვის, თუმცა განუმეორებელი სილამაზე გვაძლევდა ძალას, გაგვეგრძელებინა გზა უახლოსი მწვერვალისკენ სახელად შაბიამანი. მე დამაინტერესა რატომ, ვინაიდან „შაბიამანი“ ქართულად ნიშნავს ლურჯი ფერის ქიმიურ ნივთიერებას. მაგრამ როდესაც  მივაღწიე მწვერვალს, გავიგე, თუ რატომ დაარქვეს მწვერვალს ეს სახელი .... მწვერვალ შაბიამანის ქვის ფერდები მთლიანად იყო დაფარული ლურჯი, პაწაწინა, მინდვრის ყვავილებით, ყველა იყო ლურჯი... ველური და ამავდროულად ლამაზი.

მუდმივად ვამოწმებდით კოორდინატების განმსაზღვრელ სანავიგაციო სისტემას: 2500მ... 2899მ... 3100მ... 3214მ... და საპატრულო ჯგუფმა მიაღწია მწვერვალს. ამინდი კარგი იყო, ცა ღია ცისფერი და მხედველობის არე კრისტალურად გამჭვირვალე. ამ პოზიციიდან პატრულირების ჯგუფს არ უჭირდა ადმინისტრაციული საზღვრის ვრცელი მონაკვეთის დაკვირვება. ასვლა დასრულდა, ტერიტორიაზე დაკვირვება განხორციელდა და მიზანი მიღწეული იყო. ჩვენ ცოტა დავისვენეთ სანამ დავიწყებდით ორსაათნახევრიან დაშვებას. 

იყო საღამო, ნისლი ნელ-ნელა შთანთქავდა უზარმაზარ მთებს. ამიტომაც ჩვენ არ გვქონდა მეტი დრო იქ დასარჩენად, ჩვენ უნდა დავშვებულიყავით ჩვენს ბანაკში. თოვლიანი ფერდობები საშუალებას გვაძლევდა უფრო მალე დავშვებულიყავით ძირს სრიალით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც იყო ბალახის საფარი უფრო ნელა და ფრთხილად ვეშვებოდით. საღამოს სილამაზე - ნათება პირდაპირ ჩვენ წინ იყო. ღონეგამოცლილებმა, მაგრამ კმაყოფილებმა, ჩვენ მივაღწიეთ ბანაკს ღამის დადგომასთან ერთად. 

საპატრულო ჯგუმფა დაიწყო მზადება ხანგრძლივი, ცივი და ბნელი ღამისთვის მთებში. ჩვენ გავშალეთ კარვები და დავენთეთ კოცონი, რომლის გარეშეც გაგვიჭირდებოდა სიბნელეში, რომელიც იყო ღრმა და მშვიდობიანი. ჩვენი ბანაკი ახლოს იყო ქართველი მესაზღვრეების პოზიციასთან. მათ დახმარება შემოგვთავაზეს, შეშა დაგვიჩეხეს, მოგვიტანეს სკამები, მოგვიყვნენ ლეგენდები თუ ისტორიები ამ მთების შესახებ. მათგან გავიგე, რომ იმ ადგილის მახლობლად სადაც ჩვენ ავედით იყო დედოფლის მყინვარი. მყინვარს სახელი დაერქვა ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტის საპატივცემლოდ, ვინაიდან პირველად ეს მყინვარი სწორედ მის დაბადების დღეზე დალაშქრეს. არავინ იცოდა, იყო ეს სიმართლე თუ არა, მაგრამ უზარმაზარი მთების ისტორიის მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. კოცონზე მოვამზადეთ ვახშამი, რომელიც  არაჩვეულებრივი და განსაკუთრებით გერმრიელი იყო ხანგრძლივი სამთო ქვეითი პატრულის შემდეგ. ღამე იყო გრძელი და ნისლიანი. ყველაფერი იყო დაფარული ბურუსით, ყველგან იყო სიჩუმე და სიმშვიდე, ხოლო ცეცხლის შუქი კი განუსაზღვრელი ხმებით, ალბათ არღვევდა მთების უძრაობას, ხელუხლებელ გზებს, ველურ ბუნებას ან მთის რუებს, ან, შესაძლებელია მათ უხაროდათ, რომ წარმოგვიდგინეს განუმეორებელი ხედები, რომლებიც ვერასდროს ვერ ამოიშლებიან ჩვენი მახსოვრობიდან.

დილით ადრე ჯგუფი უკვე მზად იყო უკან დასაბრუნებელ გზას დასდგომოდა. როდესაც გავახილე თვალები, ყველანი დაკავებული იყვნენ, ზოგი კოლეგებს საუზმეს უმზადებდა, ზოგი კი ჩვენს დროებით ბანაკს შლიდა. კოცონი, რომელზეც პატრულირების ლიდერის სპეციალური რეცეპტის მიხედვით ქვაბში მზადდებოდა კურდღელი, ჯერ კიდევ ენთო. ორი საათის შემდეგ ჩვენ გამოვემშვიდობეთ ქართველ მესაზღვრეებს და გადავუხადეთ მადლობა მათ მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიკეთის გამო და უკან დასაბრუნებელ გზას დავადექით. შაბიამანის დათოვლილი მწვერვალი დილის ნისლში არ ჩანდა, რათა დამშვიდობებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბედნიერ ჯგუფს, რომელსაც უკვე ერთხელ მიეცდა საშუალება დამტკბარიყო მისი განუმეორებელი სილამაზით.

სამყაროს მიღმა, ღრუბელთა მაღლა
თავისუფლების ამაყმა გრძნობამ შემიპყრო ახლა..
ნაკადულთა ხმა,
არწივთა თრთოლვა,
მზის ფერად სხივთა
ნათელი ლტოლვა...
როს ათინათმა გააბრწყინა
 ჩვენი ბანაკი
აი დაიწყო მოგზაურობა 
როგორც არაკი...
ხელით შეხება აგვისტოს თოვლის,
სიამის განცდა-მამისონმოვლილს...
მიყვარს მედგარი მთების ხედები,
ფიქრმორეული დავეხეტები...
ხელით მივწვდები ზეცათა კიდეს.
როს ჩამოიხსნის მწვერვალი რიდეს...
მინდა რომ ვიყო მათი ნაწილი
კიდით კიდემდე ზენას აწვდილი...
ვიგრძნო ნიავის ფერება თმაში
რა საოცარი რამ იყო მაშინ,
მთის ბრწყინვლება შევიგრძნო სულში,
აი დღეს რა ვარ, რა ვიყავ გუშინ...
ეჰ, ვუბრუნდები მოწყენილ სივრცეს,
დამშვიდობება მწვერვალთან მიწევს...

ვემშვიდობები მთებსა და ველებს,
ანკარა წყაროს..მდინარეს, ღელეს...
მთავრდება დღე და დაისი მოდის..
მზისფერი სხივი მიკოცნის სახეს..
გრძნობებით აღვსილს, მამისონმოვლილს
მომაგონდება აგვისტოს თოვლი,
რომელიც მედგარ მწვერვალზე ვნახე...

მაია ბუთხუზი

მდინარის გადაკვეთა

ცხოვრება მწვერვალზე

მამისონის გზა

უღელტეხილისკენ მიმავალნი