EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 03:11:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5605/?page=4&year=2016
 
 უკან

ქართულმა მედიამ ცხელი ხაზის წარმატება აღნიშნა

26.08.2016
2016 წლის 23-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოხდა ინციდენტი, რომელიც 24/7 რეჟიმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ქვეშ მომუშავე სატელეფონო "ცხელი ხაზის" ეფექტურობას ასახავს. ცხელი ხაზი ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მომუშავე უსაფრთხოების სტრუქტურების "წარმომადგენლებსა" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შორის კომუნიკაციის საშუალებას იძლევა იმ დავებისა და სიტუაციების განსამუხტად, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქართული მედიის ცნობით, 23 აგვისტოს, სამშაბათს, საღამოს დაახლოებით 19:30 საათზე, "რუსი შეიარაღებული ფორმიანები" გდულეთის მიდამოებში კომბაინით შევიდნენ და დაიწყეს სოფელ სობისის (გორის რაიონი) მაცხოვრებელი ფერმერის მიერ დათესილი ქერის მოსავლის აღება. 

სოფლის მაცხოვრებელმა შალვა ჩილინდრიშვილმა კორესპონდენტებს განუცხადა, რომ რუსები პირველად ამ ტერიტორიაზე თებერვალში გამოჩნდნენ, როდესაც იგი მარცვლეულს თესავდა, მიწაში ხის ჯოხები ჩაარჭვეს და უთხრეს, რომ ეს ტერიტორია სამხრეთ ოსეთს ეკუთვნოდა. თუმცა, მას შემდეგ არანაირი შეზღუდვები ამ მიწის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ უგრძვნია. მან განაცხადა, რომ ეს მიწა (6 ჰექტარი) მისი ოჯახის საკუთრებაში წლების განმავლობაში იყო და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზეა. ჟურნალისტები ადგილიდან პირდაპირი ჩართვების დროს ამბობდნენ, რომ უახლოესი მწვანე "სასაზღვრო ნიშანი" 1 კმ დაშორებით მდებარეობდა.

ადგილობრივმა გამგებელმა დავით ონიაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებული იყო და მისი დამკვირვებლები ადგილზე უკვე მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ კომბაინერი შეჩერდა და დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში მფლობელის, გამგებლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოჩენისთანავე.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელში ჩავიდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სატელეფონო ცხელი ხაზის მექანიზმი აამოქმედა. "მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან, რათა ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის აღების საშუალება მიეცეთ," განუცხადა მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს და დასძინა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული საკითხის დაუყოვნებლივი გადაწყვეტის პროცესში.

საქართველოს მედიის ცნობით, მომდევნო დღეს, ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, ჩილინდრიშვილის ოჯახს მოსავლის ასაღებად ხუთი საათი მიეცა. საქართველოს სატელევიზიო არხების განცხადებით, ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ძალისხმევის და, კერძოდ, მხარეებს შორის ცხელი ხაზის მექანიზმის ამოქმედების გამო.

მოგვიანებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მედიას გაესაუბრა და განაცხადა, რომ საპატრულო ჯგუფი მდგომარეობას აკვირდება, ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრება  და როგორც ყოველთვის, დაკვირვებას 24/7 რეჟიმში ახორციელებს.


მედიის წარმომადგენლები მოვლენების ეპიცენტრში

ინციდენტს მეტი ადამიანი აკვირდება