EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 19:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5622/?page=2&year=2016
 
 უკან

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CIVCOM) დელეგატები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

23.09.2016
კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი (CIVCOM) არის ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც კრიზისის მართვის სამოქალაქო ასპექტები ეხება. კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის საქმიანობა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ნაწილს შეადგენს. კომიტეტი ანგარიშვალდებულია პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წინაშე, რომელიც ელჩების ჯგუფისგან შედგება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებისთვის სტრატეგიულ მიმართულებას სახავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის მიერ წარგზავნილი ათი სამოქალაქო მისიიდან ერთ-ერთია. 315 თანამშრომლისგან შემდგარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეისათვის ევროკავშირის მეორე უმსხვილესი სამოქალაქო მისიაა.

მიმდინარე წლის 19-დან 23 სექტემბრამდე კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრობდა. ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე იანა კალიმონოვა ხელმძღვანელობდა. ბრიუსელიდან დელეგაციასთან ერთად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური პირებიც ჩამოვიდნენ. დელეგატების ვიზიტის მიზანს მისიის ყოველდღიური მუშაობის ნახვა და ადგილზე ვითარებას გაცნობა წარმოადგენდა.

პროგრამის პირველი დღე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში მისიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს და თბილისში მედლებით დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მოიცავდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს  მედლები და სიგელები ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მუშაობისა და წვლილის შეტანისთვის გადაეცათ.

დელეგაცია ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალური ოფისის - მცხეთის, გორისა და ზუგდიდის - პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ ტერიტორიებს ეწვია. საველე გასვლებისას დელეგაციის წევრებს ბოლო დროს სხვადასხვა სფეროებში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა გააცნეს. დელეგატებმა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად საპატრულო გასვლებშიც მიიღეს მონაწილეობა, რომლის დროსაც დეტალურად შეისწავლეს ადგილზე არსებული გამოწვევები და ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვებისა და ანგარიშგების პრაქტიკა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ცალკე შეხვედრა გაიმართა წეროვანის დასახლებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ვითარების განხილვა. დელეგაციამ ასევე ვაზიანის სამხედრო კომპლექსი მოინახულა, რათა გაეგო თუ როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისობას სხვადასხვა ტექნიკურ ხელშეკრულებებთან, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად შეიარაღებული ძალების განლაგების თვალსაზრისით გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საქართველოდან გამგზავრებამდე დელეგაციის წევრებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს. კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის ჯგუფი მისიის მუშაობას რეგულარულად აჯამებს; შემდეგი შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მუშაობის განსახილველად ოქტომბერში ჩატარდება, როდესაც მისია უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.


კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგაცია მისიის  სათავო ოფისში


მისიის (გორის) რეგიონალური ოფისის უფროსი მეტ უოტლი ბრიფინგს ატარებს


კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგაცია ადგილზე


ენგურის ხიდზე