EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 18:11:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/peace_prize/previous_winners/
 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2018 წლის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ნიკა გაბლიშვილს გადაეცა

01.02.2019
2019 წლის 29 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  და ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში  „ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის“ 2018 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართეს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ევროკავშირის დელეგაციის მიერ 2012 წელს დაარსდა და იგი საქართველოში ასეთი ტიპის ერთადერთი კონკურსია. პრიზი ეძლევა ისეთი ნამუშევრების ავტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გააზრებას და  ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ასახავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზით“ დააჯილდოვა  კონფლიქტის მიმართ სენსიტიური და ნდობისა და მშვიდობის აღდგენის ხელშემწყობ ჟურნალისტიკაში ჩართული ჟურნალისტები. ევროკავშირის დელეგაციამ დააჯილდოვა ექვს კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები ბეჭდვითი, ტელე-რადიო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკის სფეროდან. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ პირველად  2013 წელს ჩატარდა. იგი ევროკავშირის ზოგადი ჟურნალისტიკის პრიზის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიას წარმოადგენს. ყოველწლიური დაჯილდოვების წლევანდელი ცერემონია უკვე მიჯრით მეექვსეა. ტერმინი „მშვიდობის ჟურნალისტიკა“ მოიცავს ჟურნალისტიკის საუკეთესო პრაქტიკას და გაიცემა კონფლიქტის მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნამუშევრისათვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სამართლიან, ეთიკურ, დაბალანსებულ და მიუკერძოებულ გაშუქებას. აღნიშნულ დაჯილდოებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) თბილისის ოფისი.

წლევანდელ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტია ნიკა გაბლიშვილი, რომელმაც წარმოადგინა ნამუშევარი სახელწოდებით „ზარდო და მისი იმედი ლუდა“. იგი გორის ტელეკომპანია „დიასთვის“ მუშაობს. ჯილდოს ფარგლებში იგი მიიღებს ერთთვიან სტიპენდიას და გაემგზავრება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ლონდონის სათავო ოფისში. 

გასული წლების გამარჯვებულებია: 

•           2013       ოლესია ვართანიანი;
•           2014       გოგიტა აფციაური;
•           2015       ნინო ჩიფჩიური;
•           2016       გვანცა დოლუაშვილი
•           2017       ნინო გოგუა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ერიკ ჰოგმა გააკეთა შემდეგი კომენტარი: „აღნიშნული ჯილდოს მეშვეობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის საკითხების მაღალი პროფესიული სტანდარტებით გაშუქებას და ისეთ ჟურნალისტიკას, რომელიც ხიდად გაიდება გახლეჩილ თემებს შორის და რასაც თავისი წვლილი შეაქვს შერიგებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ნიკა გაბლიშვილმა ძალიან ზუსტად გადმოსცა „ზარდოს“ (ზარდიანთკარის) მსგავს სოფლებში არსებული სიტუაცია და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები.“

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის სხვა ფინალისტები გახდნენ ქრისტინა მარაბიანი და ზურაბ ბალანჩივაძე. თავიანთი ჩინებული ნაშრომებისთვის მათ წამახალისებელი ჯილდო მიიღეს.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. 

დაჯილდოების ცერემონიის მიმოხილვა  ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სოციალურ მედიაში: ფეისბუკის, ტვიტერის, ინსტაგრამისა და Flickr-ის გვერდებზე.



ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი პრიზის მნიშვნელობას უსვამს ხაზს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ პირველად ჩატარდა 2013 წელს და ევროკავშირის ზოგადი ჟურნალისტიკის პრიზის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიას წარმოადგენს


მისიის ხელმძღვანელი მიმართავს აუდიტორიას და ასახელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის“ ფინალისტებს


სცენაზე პრიზის მისაღებად მოწვეულია კონკურსის გამარჯვებული - ნიკა გაბლიშვილი


საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ ბეჭდვით ან ონლაინ მედიის საუკეთესო სიუჟეტის კატეტორიაში გამარჯვებულად მარიამ აბესაძე დაასახელა


ერთობლივი ფოტო კონკურსის მონაწილეებთან ერთად ღონისძიების დასასრულს 


მარცხნიდან მარჯვნივ: მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის ერთერთი ფინალისტი ზურაბ ბალანჩივაძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი დეზ დოილი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი ბექა ბაჯელიძე, პრიზის მფლობელი ნიკა გაბლიშვილი.