23 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ლატვიის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ლატვიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადირ-გენერალი ანდის დილანსი, თავდაცვის ატაშე საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში, ვიცე-პოლკოვნიკი იანის მიკანსი და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქალბატონი ელიზა ელერტე შედიოდნენ.
დელეგაცია მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა მიიღო. ლატვიელ სტუმრებს, ადგილზე არსებული გარემოებებიდან გამომდინარე მისიის საქმიანობის აქცენტების ცვლილებასთან დაკავშირებით მიეწოდა ინფორმაცია. ცვლილების მიხედვით, ჩვეული მიუკერძოებლობით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სტაბილურობის შენარჩუნებასა და ნდობის აღდგენის გაძლიერებას. ნდობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს. მომდევნო შეხვედრა მოცემულ ფორმატში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით 25 მაისს ერგნეთში გაიმართება.