წელიწადში ერთხელ, აღდგომის მეშვიდე კვირას, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა, გუდაურიდან დაახლოებით 10 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ მლეთასთან მდებარე ლომისის მონასტერში ლომისობის აღსანიშნავად იკრიბება. წელს დღესასწაული 6 ივნისს გაიმართა. მცხეთის რეგიონალური ოფისიდან, მისიის სადამკვირვებლო ჯგუფი ათასობით მომლოცველთან ერთად, დღესასწაულის აღნიშვნის ადგილას იმყოფებოდა.
მისიის დაარსებიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფები ლომისობის დღესასწაულს ყოველ წელს ესწრებიან. დღესასწაულზე რუსი მესაზღვრეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა წელს უფრო ნაკლები რაოდენობით ვიდრე ჩვეულებრივ.
ლომისობის დღესასწაული ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში აღინიშნება, რომელიც მაღალი მთის წვერზე, ლომისის მონასტერის მახლობლად, ზუსტად ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. ძველი ლეგენდის თანახმად, ეკლესიის კარი მდინარე ქსნის მხარესაა, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის იქეთ მდებარეობს, ხოლო კარის გასაღები - მდინარე არაგვის მხარეს, რომელიც ამჟამად თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზეა. ამბობენ, რომ ლომისობის დღესასწაული ვერ დაიწყება, თუ მასში ხალხი ორივე მხრიდან არ მონაწილეობს, ამიტომ ლომისობის დღესასწაულის აღნიშვნა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგაც უწყვეტად გრძელდება.
მონასტერში მუდმივად მცხოვრები ოთხი ბერიდან ერთ-ერთმა გვიამბო, რომ პირველი მომლოცველები მონასტერთან დილის სამ საათზე მივიდნენ და წმიდა ადგილთან დაბანაკდნენ.
დღის განმავლობაში, ოჯახებმა, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ახლდნენ და მოხუცებმა შეძლეს ასულიყვნენ გრძელ და დამქანცველ აღმართზე მონასტრის მახლობლად ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიამდე, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. მისიის დამკვირვებლებს დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისაღწევად ორი საათი დასჭირდათ, რადგან აღმართზე გზა არ არსებობს.
ლომისობა წინაქრისტიანული პერიოდით თარიღდება, მაგრამ დღეს მას როგორც ქრისტიანულ რელიგიურ დღესასწაულს ისე აღნიშნავენ. დღესასწაულს დღემდე ბევრი წარმართული რიტუალი ახლავს, როგორიცაა ცხოველთა მსხვერპლად შეწირვა. შესაბამისად, გასული წლების მსგავსად, მისიის დამკვირვებლები წელსაც დაესწრნენ ცხვრის დაკვლას.