ახალი ამბები და სტატიები

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

19.10.2012

19 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფსს ეწვია. ქალბატონ შმიდს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა და მისიის სხვა მაღალი რანგის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. გენერალური მდივნის მოადგილე საერთო უსაფრთხოების მდგომარეობას, საოპერაციო გარემოს, მისიის ბოლოდროინდელ მიღწევებსა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ქალბატონმა შმიდმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს ადგილზე ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოსათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსოფლიოში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წყარო გახდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი წამყვანი მისია საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. ქალბატონმა შმიდმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბრიუსელის მხარდაჭერა აღუქვა. მან  აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისიის საქმიანობის შეზღუდვა მთავარ გამოწვევად რჩება და დასძინა, რომ ევროკავშირი ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმუშავებს.

ქალბატონმა შმიდმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დადებითად აფასებს არა მხოლოდ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, არამედ კონფლიქტის ზონაში მისი საქმიანობის მნიშვნელობა აღიარებულია როგორც საქართველოს ასევე რუსეთის მიერ.

უფრო ფართო კონტექსტში, გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გაგრძელდეს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ხელმოწერილი მემორანდუმების მოქმედება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მისიის ოპერაციული მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე.

ვიზიტის დასასრულს, რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებს ქალბატონი შმიდისათვის კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.

 


Follow us on social media