ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამმა რეგიონალურმა ოფისმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გამართა. 7 მარტს გორის რეგიონალურმა ოფისმა ვიდეო ჩვენება მოაწყო თემაზე "იცოდე შენი უფლებები", რომელიც საქართველოში ქალთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობის" წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციები და დისკუსია გაიმართა . ღონისძიებას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
9 მარტს ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები და საოპერაციო განყოფილების უფროსი/პერსონალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კლაივ ტროტი ოდიშის ტელევიზიის დილის გადაცემაში იყვნენ მოწვეულნი. მდედრობითი სქესის დამკვირვებლებმა აღწერეს თუ რას ნიშნავს მათთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა და ისაუბრეს სხვა მისიებში და თავიანთ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების შესახებ. ასევე განიხილეს ქალთა კარიერისა და თანასწორი უფლებების თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები . განსაკუთრებით აღინიშნა ქალთა მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშვიდობო პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.