ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. ოფისს 11 მარტს საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები ქ-ნი შარლოტ ლუნდკვისტი და ქ-ნი ნეტელვიკი ესტუმრნენ. 15 მარტს რეგიონალურმა ოფისმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ელისკა ზიგოვა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრაბი მიიღო.
რეგიონალური ოფისის უფროსმა ჰანს შნაიდერმა სტუმრებს მისიის მიერ ადგილზე განხორციელებული საქმიანობის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან განმარტა, რომ დამკვირვებლები ყოველდღიურად, დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არ მოხდება საომარი მოქმედებების განახლება და ინციდენტებთან დაკავშირებულ ანგარიშებს წარადგენენ. სტუმრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრნენ. ჩეხ სტუმრებს ასევე ინტერვიუ ჩამოართვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მომდევნო რადიო გადაცემისთვის.