ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

19.04.2013

18 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა 29-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც 18 არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა  წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჯეი ტიშკევიჩი მიესალმა მონაწილეებს და ხაზგასმით აღნიშნა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. ღონისძიებამ მიმდინარე საქმიანობისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად კარგი შესაძლებლობა წარმოადინა.  

ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის ინფორმაცია ახალი გამშვები პუნქტების შესაძლო გახსნის შესახებ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ნდობის აღდგენის ზომებთან დაკავშირებით. 

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) შესახებ, რომლის მიზანია კონფლიქტურ მხარეებს შორის და კონფლიქტური თემების შიგნით ნდობის აღდგენისკენ მიმართული სწრაფად განხორციელებადი და კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა. ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ზოგად მიზანს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

Follow us on social media