ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს

15.01.2015
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ელჩმა კიასტუტის იანკაუსკასმა დღეს თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა დაიწყო. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს შეხვდა და უახლოეს დღეებში შესაბამის სამინისტროებთან მსგავსი ხასიათის შეხვედრებს გააგრძელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დროს ელჩმა იანკაუსკასმა მისიისა და სამინისტროს კარგად დამკვიდრებული თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მისიას სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ხაზი გაუსვა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას და მისიის მანდატის 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელებას მიესალმა.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ელჩი იანკაუსკასი გეგმავს თითოეულ რეგიონალურ ოფისს ეწვიოს და მისიის ყოველდღიურ საქმიანობას ადგილზე გაეცნოს. ასევე, ეუთოს ელჩ ანჯელო გნედინგერთან ერთად, ელჩი იანკაუსკასი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 იანვარს ერგნეთში დაგეგმილ 51-ე შეხვედრას უხელმძღვანელებს.



Follow us on social media