ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

06.06.2017
2017 წლის 5 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მან მოწვეული სპიკერის რანგში საჯარო ლექცია წიკითხა თემაზე "მშვიდობის პოლიტიკის ანალიზი". 

მისიის ხელმძღვანელმა სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე ფართო სამშვიდობო პროცესებში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი გააცნო, რომლის დროსაც მისიის წინაშე მდგომ გამოწვევებსა და მიღწევებზეც ისაუბრა.  

ლექციის დროს, მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ ხელშეკრულებაზე, საერთაშორისო დაკვირვების განხორციელების მნიშვნელობაზე და იმ წვლილზე ისაუბრა, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეაქვს მართვად  სტაბილურობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე მისიის ხელშეწყობით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობაზე. როგორც ცხელი ხაზის მუშაობა, ასევე შეხვედრები სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად, ასევე გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ადგილზე დაძაბულობის შესამცირებლად.

კიასტუტის იანკაუსკასმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც მხარეებს შორის დიალოგის ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს.

მისიის ხელმძღვანელმა ასევე მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო მისიების მრავალფეროვნება ამ პოლიტიკის ფარგლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და მისი მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების აღწერის გარდა მან რომის ხელშეკრულების 60 წლისთავზე და ევროკავშირის, მისი ისტორიისა და ღირებულებების ფორმირებაზე ისაუბრა.

საინტერესო ლექციას  კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა, რომლის დროსაც სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატსა და საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ ასევე დასვეს კითხვები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და საქართველოში ზოგადად კონფლიქტის მართვისა და მოგვარების პროცესზე მისიის ხელმძღვანელის აზრისა და ხედვის თაობაზე. სტუდენტებს აინტერესებდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებული კონტაქტები და თანამშრომლობა და  მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე არსებული გამოწვევები.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტები მისიის ხელმძღვანელთან ერთად ფოტოსურათებს იღებენ


ლექციის ყველაზე საინტერესო ნაწილი - კითხვა - პასუხების სესია 


სტუდენტებს აინტერესებთ მიმდინარე გამოწვევები მანდატის განხორციელებისას


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტები მისიის ხელმძღვანელთან ერთად ფოტოსურათებს იღებენ


Follow us on social media