23 თებერვალს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება ანდერს სამუელსენი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. დელეგაციას დანიის ელჩი, მისი აღმატებულება რუბენ მადსენი, დანიის დიპლომატები და ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ბ-ნ ერიკ ჰოგს, რომელმაც მადლობა გადაუხადა დანიას მისიის მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ბ-მა ჰოგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წარგზავნილი კონტინგენტი ამჟამად 11 ექსპერტს მოიცავს, რაც 2008 წელს მისიის დაფუძნებიდან დანიის ყველაზე დიდი კონტინგენტია.
სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაცია მისიის მანდატის და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გამახვილდა. ბრიფინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და კოლეგებთან კონფლიქტის მართვის პერსპექტივებისა და რეგიონში მომავალ მოვლენათა შესაძლო განვითარების განხილვა მოჰყვა.
მისმა აღმატებულებამ ბ-მა ანდერს სამუელსენმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა და მადლობა გადაიხადა. მისმა აღმატებულებამ ბ-მა სამუელსენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან წვლილს ადგილზე არსებული სტაბილურობის შენაჩუნებისთვის და 2018 წლის დეკემბრის შემდეგ მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით მისაღები დადებითი გადაწყვეტილების სრული მხარდაჭერა გამოხატა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მისი პროგრამა ასევე პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოიცავდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება ანდერს სამუელსენი
მისი აღმატებულება ანდერს სამუელსენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამჯამად წარგზავნილ დანიის კონტინგენტთან ერთად
მისიის მანდატის შესახებ პრეზენტაციას მისიის ხელმძღვანელთან და კოლეგებთან კონფლიქტის მართვის პერსპექტივებისა და რეგიონში მომავალ მოვლენათა შესაძლო განვითარების განხილვა მოჰყვა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი მის აღმატებულება ბ-ნ ანდერს სამუელსენს ხელს ართმევს მისიის სათავო ოფისის წინ თბილისში