ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორშაბათს, 26 იანვარს, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პირობითი შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის გარკვეული ჯარების გადაადგილებაზე ინფორმაციის წინასწარ მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს.
28 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პრეს ბრიფინგს გაუწია ორგანიზება, რათა მედიისათვის ხელშეკრულების შინაარსი და მნიშვნელობა გაეცნო.
მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი ადმინისტრაციულ საზღვართან სიტუაციის სტაბილიზაციას დაეხმარება. მემორანდუმი ხელს უწყობს ექვს-პუნქტიანი შეანხმების პირველი პუნქტის განხორციელებას, რომელიც ძალის გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს. იგი ასევე აძლიერებს სტაბილიზაციისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირევებლო მისია მისი მანდატის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.
2009 წლის 28 იანვარი
თქვენ შესაძლოა იცოდეთ, რომ ჩვენი მანდატი ოთხი ნაწილისაგან შედგება. ეს არის სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ანგარიშების წარდგენა და ნდობის აღდგენა და ამჟამად ნდობის აღდგენაზე ვსაუბრობთ.
ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში მონიტორინგის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მოხდა რუსული ძალების გასვლა 8 ოქტომბერს, ჩვენ ადგილზე ნდობის აღდგენის მექანიზმზე მუშაობა დავიწყეთ, რომელმაც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე საკანონმდებლო ორგანოები უნდა დააახლოოს, როგორც აფხაზურ ასევე ოსურ მხარესთან მიმათებაში.
მოცემულ კონტექსტში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორი ხელშეკრულება გავაფორმეთ და მეორე დოკუმენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავს მექანიზმში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მთავრობას, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობებს და რუსეთს. რაც გვაკლია დე ფაქტო მთავრობების თანამშრომლობაა და ეს მექანიზმი ამჟამად ჟენევის მოლაპარაკებებში განიხილება. იმედია მისი გაფორმება 17 და 18 თებერვალის ჟენევის მორიგი შეხვედრის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამავდროულად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ზომები ასევე აუცილებელია სამხედრო კუთხითაც, რადგან აქ ორივე მხარეზე ნდობის ჯერ კიდევ უდიდესი ნაკლებობაა. ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს კონფლიქტი ჯერ არ არის დასრულებული და რუსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, იმის გამო რომ მათ არ გონიათ საქართველო კეთილსინდისიერად შეასრულებს სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის დებულებებს. ადგილზე გარკვეული ობიექტური ფაქტორები არსებობს, რუსები ახალგორში დგანან, საქართველოს დედაქალაქთან ძალიან ახლოს. ყოველივე ეს საკმარისი იყო, რათა ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება გვეცადა, რომელსაც საბოლოოდ გუშინწინ მოვაწერეთ ხელი. ეს მეტად ხანგრძლივი პროექტი იყო - ჩვენ ქართულ მხარესთან იდეის განხილვა უკვე ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ. შესაბამისად შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე გულდასმით აწონ-დაწონა მისი პოზიცია. ამ შეთანხმებით ადმინისტრაციულ საზღვრებთან ძალის არგამოყენების პრაქტიკაში გადმოტანა გვსურს. ამავდროულად ჩვენ არ ვცნობთ, რომ ეს ადმინისტრაციული საზღვრები არის საბოლოო ან რომ ისინი საქართველოს გარე საზღვარს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პოზიცია აღიაროს საქართველო მხოლოდ და მხოლოდ სრულიად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით, ამ ხელშეკრულებით უცვლელი რჩება. ევროკავშირის პოზიცია მეტად ღირებულია საქართველოსათვის, რადგან იგი სიგნალს უგზავნის ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელმაც შესაძლოა განიხილოს ამ ორი ერთეულის ცნობა და დღემდე ნიკარაგუის გარდა ისინი არავის უღიარებია. შეთანხმება ამ ფონზე უნდა განიხილოთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გავზრდით უსაფრთხოებას და ამავდროულად სტატუსს არავითარ ზიანს არ მივაყენებთ. ვფიქრობ, რომ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც მოცემული შეთანხმება ღირებულია ქართული მხარისათვის. ვფიქრობ, ეს მეტად ნათელი მოპატიჟებაა რუსული მხარისათვის, რათა მან ასევე გაიმეოროს იგივე ქმედება. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა წყაროს გამოვიყენებთ, რათა მეტად სერიოზულად მოვიწვიოთ რუსეთი საპასუხო ხელშეკრულების დადების ვარიანტების განსახილველად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ჯარების შესახებ მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მოცემული შეთანხმებით საქართველოს მსგავსად, ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვიდან უკან დასახევად. არ დაგიმალავთ, რომ ამ შეთანხმების მოლაპარაკებისას, საწყის ეტაპზე, უფრო ფართო დებულებების მიღება გვსურდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კმაყოფილნი ვართ იმით რაც გვაქვს. ვფიქრობ, რომ თუ რუსულ მხარეს სურს უფრო მეტი მას ყოველთვის შეუძლია გააფორმოს შემხვედრი ხელშეკრულება და ეს შეიძლება იმ პროცესის დასაწყისი გახდეს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისაკენ მივყავართ. ამ ეტაპზე აქ გავჩერდები.
შეკითხვა: (საქართველოს პირველი არხი) რა სახის ინფორმაცია გააჩნიათ საპატრულო ჯგუფებს მეორე მხარის შესახებ?
მისიის ხელმძღვანელი: მეტად მცირე, ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური განცხადება, რომ მათ თითოეულ რეგიონში 3800 ჯარისკაცის განლაგება სურთ, მაგრამ ჩვენ დადასტურებულად არ ვიცით რეალურად რამდენი ჯარისკაცია ადგილზე. ჩვენამდე მოდის მრავალი ხმა, რომ ჯარისკაცების რაოდენობა უფრო მეტია და გადაადგილებისა და განლაგების პროცესში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ ჩვენ რუსული მხარისაგან 3800 ჯარისკაცის გარდა ოფიციალური სხვა არაფერი გვსმენია და მოცემულის დამოუკიდებელი დადასტურება არ გაგვაჩნია.
შეკითხვა: (საქართველოს პირველი არხი) ინციდენტები?
მისიის ხელმძღვანელი: ინციდენტებს მუდმივად აქვს ადგილი და ისინი საქართველოს მედიის საშუალებითაც შუქდება. ჩვენ სრულად გადავცემთ იმ ინფორმაციას, რისი მოპოვებაც ამ ინციდენტების შესახებ შეგვიძლია. შესაბამისად, რეალურად არ არის ისეთი ინციდენტები, რომლებიც არ არის ღია საზოგადოებისთვის.
შეკითხვა: (რადიო თავისუფლება) რატომ ფიქრობდა საქართველოს მთავრობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე საკმაო პერიოდის განმავლობაში? რა არის ამის მიზეზი?
მისიის ხელმძღვანელი: მათ უბრალოდ უნდა შეეთანხმებინათ დოკუმენტის ვარგისიანობის სამხედრო შეფასება დიპლომატიურთან. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ცალსახა დავალება თბილისის სამხედრო შეტევისაგან დაცვაა. შესაბამისად, მათ უნდა შეაფასონ თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მოცემული ხელშეკრულება არსებულ ვარიანტებზე. მეორეს მხრივ, როგორც ავხსენი, არსებობს შეთანხმებიდან გამომდინარე რიგი დიპლომატიური უპირატესობები საქართველოსათვის და ამასაც მხედველობაში მიღება სჭირდება, რამაც გარკვეული დრო წაიღო. და ბოლოს, ამ შეთანხმების მოლაპარაკების პერიოდში ადგილი ჰქონდა მინისტრის ცვლილებას, ასე რომ მე ვფიქრობ ახალ მინისტრს საკითხის გასაცნობად დრო სჭირდებოდა, რადგან მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია.
შეკითხვა: (გაზეთი მესინჯერი) ვისი მხრიდან მოდის პრობლემები? ვისი მხრიდან არის უფრო მეტი პროვოკაცია? იმ შემთხვევაში თუ არსებობს დოკუმენტი მსგავსი ინფორმაციით შეგვიძლია მივიღოთ იგი?
მისიის ხელმძღვანელი: ვშიშობ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოგაწოდოთ მსგავსი დოკუმენტი, რადგან ჩვენ ანგარიშებს ბრიუსელს წარვუდგენთ და ეს ანგარიშები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაა. მაგრამ შემიძლია გითხრათ თუ როგორია ზოგადი ტენდენცია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ შეგვიძლია ნებისმიერ კონკრეტულ ინციდენტზე ბრალი რომელიმე მხარეს დავაკისროთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მტკიცებულების მეტად მაღალ სტანდარტს ვიყენებთ. მაგალითად, პოლიციელს, რომელიც ერთი კვირის წინ კნოლევში გასროლით მოკლეს, შედარებით ახლო რადიუსიდან ესროლეს, სხვა სიტყვებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარედან და ასევე არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ არ არსებობს სრულიად ცხადი სამხილი, რომელიც ინციდენტს რომელიმე მხარეს დააკისრებს. მე მესმის, რომ ეს შეიძლება თქვენთვის არადამაკმაყოფილებელი პასუხი იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში რომელი საზოგადო ფაქტორები მოქმედებს უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ყოველი მოცემული შემთხვევის დროს, ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ გამოძიებისაკენ, იმ შემთხვევაშიც თუ ინციდენტი ადმინისტრაციული საზღვრის ერთ მხარეს მოხდა. ამ კონტექსტში, ჩვენ ისევ ველოდებით ნდობის აღდგენის მექანიზმს, რადგან იქ ადამიანებს ჩვენი თანდასწრებით ფაქტების წარმოდგენა მოუწევთ და აღარ იარსებებს აბსურდი და საჭირო იქნება ფაქტების წარმოდგენა. თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდებოდა ჩვენ შევძლებდით უფრო ზუსტი სურათის მიღებას თუ რა ხდება რეალურად.
შეკითხვა: რამდენად ხშირად ხვდებით ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს პატრულირებად მიდამოებში?
მისიის ხელმძღვანელი: პატრულირებად მიდამოებში, ანუ თბილისის მთავრობის მიერ კონტროლირებად მიდამოებში, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები არ გვაქვს. სხვა მიდამოებში გაგვაჩნია გარკვეული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, მაგრამ რადგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება ჯერ არ გვაქვს არ შეგვიძლია ჩვენით შევამოწმოთ ეს მონაცემები.
შეკითხვა: (სვაბოდნაია გრუზია) თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე სთხოვეთ რუსეთს მსგავსი ხელშეკრულების მიღება. რა დონეზე? ვისთან გქონდათ მოლაპარაკებები?
მისიის ხელმძღვანელი: ეს მართლაც ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რუსეთთან ადგილზე მეტად მცირე კონტაქტი გვაქვს, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, ასე რომ ჩვენი საქმიანობის უმეტესობა დიპლომატიური არხებით ხორციელდება და ეს კვლავაც უმეტესად ბრიუსელზე გადის. ჩვენ ხშირად შეგვითავაზებია რუსეთისათვის პროცესი უფრო გამჭვირვალე გაეხადა და ჩვენთვის ადგილზე კომუნიკაციისათვის უკეთესი შესაძლებლობები მოეცა, მაგრამ აქამდე არ უპასუხიათ და ჩვენ რეალურად ბრიუსელით შემოვიფარგლებით. მეორეს მხრივ, კომუნიკაცია ბრიუსელის მეშვეობით ცუდად არ მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება იგი აქ, ადგილზე გაუმჯობესდეს, ისე რომ მივიღოთ სიმეტრიული მდგომარეობა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ძალებთან მიმართებაში.