პრეს რელიზები

ლიტვის პრეზიდენტმა მოიწონა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი რეგიონის სტაბილიზაციაში

25.06.2009
23 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ლიტვის პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი, ეწვია. დელეგაციის წევრები ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შარუნას აგომავიჩიუსი და ლიტვის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის  ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი პეტრას აუშტრევიჩუისი იყვნენ.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, გაესაუბრა ბატონ პრეზიდენტს და მისიის საქმიანობის და სტრუქტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე - მოკლედ გააცნო ამჟამინდელი უსაფრთხოების მდგომარეობა.  მისიის საპატრულო ჯგუფზე  ახლახან  მომხდარი თავსახმის მიუხედავად უსაფრთხოების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან აღნიშნა, რომ სტაბილურობის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.

პრეზიდენტმა ადამკუსმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მისიის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მიმართ მოლოდინი უფრო გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ეს მისია „რჩება ყველას  უკანასკნელ იმედად“. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა მისიის მუშაობა სტაბილურობის მიღწევისა და ადამიანების ჩვეული ცხოვრებისაკენ დაბრუნების თვალსაზრისით. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლიტვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას აქტიურად უჭერს მხარს.
 
ამჟამად მისიაში ლიტვის შვიდი მოქალაქე მხასურობს.

Follow us on social media