პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მუშაობას რუსეთის მესაზღვრეების მიერ ბოლო დროს საქართველოს 16 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით

28.10.2009
დღეს, საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც  25 ოქტომბერს 16 საქართველოს მოქალაქე დაპატიმრეს, რომლებიც ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ არიან დაკავებულნი. შეხვედრის მიზანს ფაქტების დადგენის მცდელობა და ინციდენტის ყველა მხარისათვის დამაკმაყოფილებელ დასასრულამდე მიყვანა წარმოადგენდა.

ყველა მონაწილე დაეთანხმა, რომ 16 პირიდან რამოდენიმემ სავარაუდოდ ადმინისტრაციული საზღვარი 100 მეტრზე მცირე მანძილით გადაკვეთა, სავარაუდოდ - 30-იდან 50 მეტრამდე. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შესახებ განსხვავებული ვერსიები გაჟღერდა, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას, ტყის მჭრელებს არ ჰქონიათ რაიმე ბოროტი განზრახვა. მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ ამ პირების მიმართ განხორციელებული ზომები იქნება ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლებრივი ხასიათის და რომ შემდგომი გამოძიების საჭიროება აღარ არსებობს.


შეხვედრის შედეგად მიღებული დასკვნის თანახმად, საჭიროა დუშეთის რაიონის ადგილობრივმა პოლიციამ და რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ.  ადგილზე მომუშავე სამხრეთ ოსური და ქართული სატყეო დეპარტამენტები ინფორმაციას გაცვლიან, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს. დღეს, 19:00 საათისთვის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. დამატებით, რუსეთის მესაზღვრეებმა ითხოვეს, ზემოაღნიშნულ დრომდე არ გამოქვეყნდეს მედია რელიზი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ დაკავებულები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ და ეს ინციდენტი, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ორივე მხარეს, ადგილობრივი მოსახლეობის საქმიანობის გაადვილების უფრო ფართო ჩარჩოს შესამუშავებლად უნდა იქნას გამოყენებული.

Follow us on social media