მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა ჯგუფი 4 ნოემბერს პირველად შევიდა აფხაზეთში, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, მთელ საქართველოს მოიცავს. შესაბამისად, ელჩმა უარყო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, შამბას ბრალდება, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გალის რაიონში შესვლა მიუღებელია.
ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა:
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა დავაკვირდეთ ყველა მხარის მიერ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას, ხელი შევუწყოთ ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას და დავეხმაროთ ნდობის აღდგენას.
თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო შეუიარაღებელ მისიას წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია და არ გვსურს ძალით გავიკვლიოთ გზა. ჩვენ მხოლოდ იქ შეგვიძლია შესვლა სადაც თანამშრომლობაა.
ჩვენი დამკვირვებლების ამოცანაა დააკაკუნონ კარებზე და მოითხოვონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა. ამიტომ, ჩვენი დამკვირვებლები მიდიან რუსულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებთან ადმინისტრაციული სზღვრის გასწვრივ. ჩვენ მეგობრულად მივდივართ საგუშაგოს წარმომადგენლებთან, ვცდილობთ კონტაქტების დამყარებას და ჩვენი მანდატის ახსნას.
და ბოლოს, მე მჯერა, რომ ევროკავშირის სადამკვირევებლო მისიასთან თანამშრომლობა და ჩვენთვის ტერიტორიაზე შესვლის უფლების მიცემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესებში შედის. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნას ადგილზე არსებული მდგომარეობის სრული და ობიექტური სურათი და დაეხმაროს ამ მიდამოებში მაცხოვრებელი ხალხის უსაფრთხოების გაუმჯობებსებას”.