24 ოქტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეშვიდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია და განიხილეს ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები, საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის ფაქტები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ვითარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზარდიანთკარში არსებული მდგომარეობა და ადმინისტრაციული საზღვარის ორივე მხარეს პატიმართა შენახვის პირობები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ყველა მხარის მიერ სამხედრო გადაადგილებისა და სამხედრო წვრთნების შესახებ წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობა.
მხარეები მიესალმნენ დაკავებულთა დროულად განთავისუფლების ორ შემთხვევას: ერთი საქართველოს, ხოლო მეორე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ტიშკევიჩმა მონაწილეთა ყურადღება შეშის შეგროვების პერიოდის დაწყებას მიაპყრო და ითხოვა გამოჩენილ იქნას შემწყნარებლური დამოკიდებულება ადმინისტრაციული საზღვრის შემთხვევით გადამკვეთი პირების მიმართ. დადებითად შეფასდა მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომა ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მონაწილეებს სთხოვეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად განაღმვითი სამუშაოების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის წარმომადგენელთა შორის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესაძლებლობა.
პოტენციური დაძაბულობის განსამუხტავად, ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა სატელეფონო ცხელი ხაზის მექანიზმი.
შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.
მონაწილეების შეთანხმებით, შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 28 ნოემბერს გაიმართება.