პრეს რელიზები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

29.04.2021
თბილისი, 29 აპრილი 2021 წელი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ნაწილებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა მინისტრს სოფელ მუხრანში და შემდეგ გაუძღვა სტუმრებს საველე ვიზიტზე ოძისის რაიონში, მათ შორის ოძისის კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტზე, რომელიც დღეისთვის უკვე 600 დღეზე მეტია დაკეტილია. 

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. კონკრეტულად, მან ხაზი გაუსვა უარყოფით ეფექტს, რომელიც აქვს მავთულის ღობეების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, როგორც  გადაადგილების თავისუფლებაზე და  ადამიანის სხვა უფლებებზე, ისე მათ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.

ოძისის კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის საკითხის განხილვისას, მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ან სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის თვალსაზრისით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა შემდგომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიამ გააძლიერა გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემები.

ვიზიტმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ინფორმაციის გაცვლამ საგარეო მინისტრს მისცა საშუალება პირველი ხელიდან მიეღო შთაბეჭდილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული ვითარების და  ადგილზე სტაბილიზაციაში მისიის წვლილის შესახებ. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა მისიის როლის მნიშვნელობას ადგილზე და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ამაღლების საქმეში და მადლიერება გამოხატა ინფორმაციული გასვლითი ვიზიტისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მაღალი დონის ბოლო ლიეტუვური ვიზიტი 2018 წელს შედგა, როდესაც პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია ოძისის რაიონს. 
https://eumm.eu/en/press_and_public_information/press_releases/6159/)








Follow us on social media