პრეს რელიზები

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად

03.05.2021
თბილისი, 2021 წლის 3 მაისი - 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წლევანდელ თემის "ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე" მიხედვით, საქართველოში  ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გამოაქვეყნა განცხადება:
„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება.  აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი“.
ტრადიციისამებრ, ელჩმა ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.
„დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინმე დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისათვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა “.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკისთვის სპეციალური პრიზის კონკურსის დაწყების დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აღნიშნა:
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მსურს აღვნიშნო, თუ რამდენად მთავარია თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური პრესის როლი ნდობის, მდგრადი მშვიდობისა და ჯანსაღი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში. კონფლიქტურ ან პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, ეს ნიშნავს გონივრულ, ცრუ რწმენისგან დაცულ, ეთიკურ და ზუსტ გადმოცემას რომელსაც სხვაგვარად უწოდებენ ”მშვიდობის ჟურნალისტიკას”. ამგვარი პრაქტიკის წახალისებისა და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დაჯილდოებისთვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის ფარგლებში აწესებს, მშვიდობის ჟურნალისტიკის და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე საუკეთესო გადმოცემის სპეციალურ პრიზს”.
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჯილდოვდება პრესის წარმომადგენლები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნდობის მშენებლობასა და მშვიდობაში. 
კონკურსის წესები დაფუძნებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე და ემსახურება პროფესიონალიზმის და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021 წელს გაიცემა 7 კატეგორიაში:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
საუკეთესო ელექტრონული ან ბეჭდური ბლოგი, მოსაზრება ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების კუთხით ნდობის და მშვიდობის მშენებლობას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში)


დეტალური ინფორმაცია და განაცხადის შეტანის წესები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
პირველი ექვსი კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზებს. 
მშვიდობის ჟურნალისტიკის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30 დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი
განაცხადის ფორმა, წესები და წარდგენის სახელმძღვანელო მითითებები ხელმისაწვდომია აქ www.euprizejournalism.eu
ნებისმიერი სხვა ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში:
თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
      Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში:
ნინო გეზმავა
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი nino@iwpr.net

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული  რეკომენდაციის  საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.
2021 წლის 3 მაისის თემაა „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“. UNESCO –ს მთავარი თემის შესაბამისად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აცხადებს კამპანიას სახელწოდებით ,,პრესის თავისუფლება გვიცავს – ჩვენც დავიცვათ ის.“ ეს კამპანია მიზნად ისახავს ჟურნალისტების უზარმაზარი წვლილის აღიარებას Covid – 19–ის პანდემიის შედეგებთან გამკლავების პროცესში. 
დამატებითი ვიდეო და ვიზუალური მასალები:
განცხადება ევროკავშირის სახელით
სიუჟეტი ჟურნალისტების ინდივიდუალური ისტორიებზე მთელ მსოფლიოში.
„ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“. ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამის გვჯერა. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს #WorldPressFreedomDay ჩვენ გეპატიჟებით ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულების მოსასმენად, რომლებიც საუბრობენ მშვიდობის ჟურნალისტიკაზე #peacejournalism თავისუფალ მედიაზე #freemedia. იხილეთ ვიდეო:



Follow us on social media