თბილისი, 2021 წლის 10 ივნისი - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვია დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას მიაწოდა მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და შესთავაზა მას საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე.
გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით.
დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები.
ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა თბილად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის. .
მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს.