ერგნეთი, 20 იანვარი, 2022 წელი — ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ელჩ ვიორელ მოშანუს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის თანათავმჯდომარეობით.
ორივე თანათავმჯდომარემ შეხვედრა გახსნა იმით, რომ მიესალმნენ მონაწილეთა მოწადინებულობას გამოიყენონ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი შეშფოთების გამომწვევი საკითხების წამოწევისა და გადაწყვეტის მიზნით. ელჩმა მოშანუმ ისაუბრა 2022 წელს, პოლონეთის მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებს წინამორბედის ძალისხმევასა და მიზანდასახულობას.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დაკავებების მიმდინარე შემთხვევებზე და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს გადაკვეთის პუნქტების გაჭიანურებული დახურვა და COVID-19-ის პანდემია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, რაც განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებზე, მამაკაცებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე. მათ ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენები, მათ შორის „ბორდერიზაციის“ შემთხვევები და ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებული ვითარება.
თანამონაწილეებმა შეშფოთებით აღნიშნეს დაკავებების გაზრდილი რაოდენობა ბოლო კვირებში და მოუწოდეს ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავების ყველა საქმესთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ მცდელობებს, რათა ხელი შეეწყოს გადაადგილების თავისუფლების აღდგენას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მიერ საარსებო წყარო უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
გათვალისწინებული იყო ყველა საჭირო შემარბილებელი ღონისძიება, რათა მონაწილეებს COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, უსაფრთხოდ შეხვედრის შესაძლებლობა მისცემოდათ. ასევე ფართოდ იქნა განხილული პანდემიის მხრივ არსებული მდგომარეობა, როგორც უსაფრთხოების შესაბამისი კონტექსტის ნაწილი.
მონაწილეები შემდეგი შეხვედრის 4 მარტს მოწვევაზე შეთანხმდნენ.