ერგნეთი, 4 მარტი 2022 წელი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
ორივე თანათავმჯდომარემ შეხვედრა გახსნა იმით, რომ მიესალმა მონაწილეთა მოწადინებულობას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გამოყენების მიმართ, შეშფოთების გამომწვევი საკითხების დასმისა და გადაწყვეტისთვის.
ელჩმა შჩიგელმა მონაწილეებს მოუწოდა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თავი შეიკავონ ყოველგვარი ნაბიჯისგან, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. მან მოუწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებისკენ, შეშფოთების გამომწვევი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ადრეული შეტყობინების მიზნით.
ელჩმა მოშანუმ მონაწილეებს მოუწოდა, მიმართონ მათი ძალისხმევა ადგილზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და გამოთქვა პრაგმატული მიდგომების იმედი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების პრაქტიკული საჭიროებების გადაჭრის მიზნით.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დაკავებების მიმდინარე შემთხვევებზე და იმსჯელეს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გადაკვეთის პუნქტების გაჭიანურებული დახურვა და COVID-19-ის პანდემია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე. მათ ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენები, მათ შორის „ბორდერიზაციის“ შემთხვევები და ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებული ვითარება.
თანათავმჯდომარეებმა შეშფოთებით აღნიშნეს დაკავებების გაზრდილი რაოდენობა ბოლო კვირებში და მოუწოდეს ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავებების ყველა შემთხვევაში. მათ მოუწოდეს მეტი ძალისხმევისკენ გადაადგილების უფრო დიდი თავისუფლების აღდგენის ხელშესაწყობად და მიესალმნენ წყლის საერთო მოხმარების მეშვეობით, საარსებო წყაროების მხარდაჭერის მიმართ უცვლელ მოწადინებულობას. გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წვდომას რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე მომავალი დღესასწაულების დროს.
მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შემდეგი შეხვედრის გამართვაზე 2022 წლის 12 აპრილს.