ერგნეთი, 2022 წლის 7 ივნისი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა დამოკიდებულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ეფექტური გამოყენების გაგრძელების მნიშვნელობას. ელჩმა შჩიგელმა დადებითად შეაფასა აღდგომის პერიოდში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის პუნქტების გახსნით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიური ადგილებისა და სასაფლაოების მონახულების შესაძლებლობის მიცემით გამოვლენილი ჰუმანიტარული მიდგომა. ელჩმა მოშანუმ მოუწოდა ყველა მონაწილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესამცირებლად დამატებითი გადაწყვეტილებების პოვნისკენ და ხაზი გაუსვა დიალოგისა და პრაგმატიზმის მნიშვნელობას.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მქონე ისეთი საკითხები, როგორებიც არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის პუნქტების ხანგრძლივი დაკეტვა. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს მათი ფუნქციონირების აღდგენის შესახებ მოწოდება და გააკეთეს ამ მიზნის მიღწევის კონკრეტული გზების შეთავაზება. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ დაკავებულის უკანსკნელ ხანს მომხდარ გათავისუფლებას, მაგრამ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების მიმდინარე შემთხვევების სიმრავლის გამო და მოუწოდეს ჰუმანიტარული მიდგომისკენ მათი გადაწყვეტის მიზნით.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის დისკუსიები ასევე შეეხო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს და ჩორჩანა-წნელისის საკითხს. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს კონსტრუქციული ქცევისკენ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ სოფლის მეურნეობის სეზონი მოითხოვს გაძლიერებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზის მეშვეობით. მონაწილეებმა ასევე დადებითად შეაფასეს აპრილის ბოლოს საირიგაციო საკითხებზე ჩატარებული ტექნიკური შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი სარწყავად საკმარისი მოცულობის წყლის მიწოდების კოორდინირებისთვის.
მონაწილეები შეთანხმდნენ, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 23 სექტემბერს ჩატარებაზე, მაგრამ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის უფრო ადრე მოწვევაზე.