პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ვიზიტისას საქართველოში ბელგიის ელჩს უმასპინძლა

16.09.2022
თბილისი, 16 სექტემბერი 2022 წელი – დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა საქართველოში ბელგიის საელჩოს დელეგაციას, ელჩ მიშელ პიტერმანსის ხელმძღვანელობით.

მისიის ხელმძღვანელი ჯერ თბილისში, მისიის სათაო ოფისში შეხვდა სტუმრებს, რათა გაეცნო მათთვის ადგილზე უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სტაბილურობის შენარჩუნებაში. შემდეგ დელეგაცია გაემგზავრა ოძისში, რათა საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ მახასიათებლები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და აუხსნეს, თუ როგორ უარყოფითად აისახა მიმდინარე „ბორდერიზაცია“ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.  მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაადგილების სრული თავისუფლებისკენ მოწოდებას. ელჩმა შჩიგელმა ხაზი გაუსვა მისიის ადგილზე ყოფნის მნიშვნელობას რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. 

ვიზიტის დასასრულს ელჩმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციული ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობისთვის. ბელგია არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პერსონალის ერთ-ერთი გამომგზავნი. მისიაში სულ ბელგიის მოქალაქე 6 სპეციალისტი მუშაობს.





Follow us on social media