პრეს რელიზები

ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქ-ნი ნინა ვასკუნლაჰტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ოძისის გადაკვეთის პუნქტს ეწვია

24.10.2022

თბილისი, 24 ოქტომბერი 2022 წელი — დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ქალბატონ ნინა ვასკუნლაჰთის.  


ოძისის გადაკვეთის პუნქტზე, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და მისმა დელეგაციამ მიიღეს ინფორმაცია ამ რაიონში უსაფრთხოების ვითარებაზე, „ბორდერიზაციის“ ქმედებებზე და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჯერ კიდევ დგას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა 2008 წლის ომის შემდეგ. 



კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია ოძისის გადაკვეთის პუნქტის, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მხარეებს შორის რეგულარული გადაადგილებისთვის გაჭიანურებული დახურვის შესახებ და ხაზი გაუსვეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის ორი  პუნქტი - ოძისი და ქარძმანი - 2022 წლის აგვისტოდან გაიხსნა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე, ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც შეიძლება დეკემბერში დასრულდეს. ამიტომ, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარეები, აგრძელებენ გადაკვეთის პუნქტების არა მხოლოდ დროებით, არამედ სრულად გახსნისკენ მოწოდებას.   


ვიზიტის დასრულებისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და მისი დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მათი მადლიერება ვიზიტისთვის, ბრიფინგებისთვის და წარმოდგენილი ინფორმაციისთვის; მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს მათი საქმიანობისთვის, მოწადინებულობისთვის და საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.


ამჟამად მისიაში ფინეთის მოქალაქე სულ 10 ექსპერტი მუშაობს.   


Follow us on social media