პრეს რელიზები

საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ბ-ნი შარლ ფრიესი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

14.12.2022

თბილისი, 2022 წლის 14 დეკემბერი — ბ-მა შარლ ფრიესმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ,  მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ზემო ნიქოზისა და დვანის რაიონებში მოინახულა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთები.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტორი ტიბორ კოზმა მიესალმა გენერალური მდივნის მოადგილეს და თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში რა დროსაც გააცნო საკუთარი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ.

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გენერალური მდივნის მოადგილე ფრიესს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში, უსაფრთხოების ვითარების შესახებ, ყურადღების გამახვილებით „ბორდერიზაციაზე“ და მის უარყოფით გავლენაზე გადაადგილების თავისუფლებასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის სხვა უფლებებზე. მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა კოზმამ განმარტა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანათავმჯდომარეობით მოქმედი ნდობის აღდგენის პლატფორმის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნები და დადებითი შედეგები. 

დისკუსიები შემდგომ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა კოზმამ განმარტა, რომ ოძისი და ქარზმანი, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი ამჟამად დროებით გახსნილია ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს მიერ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ გაკეთებულ მრავალ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, გენერალური მდივნის მოადგილე ფრიესმა გამოხატა მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

Follow us on social media