თბილისი, 10 თებერვალი 2023 წელი — დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა ტიბორ კოზმამ ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას ხორვატიის დელეგაციას უმასპინძლა, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელჩ გორდან გრლიჩ-რადმანის ხელმძღვანელობით.
ოძისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას უსაფრთხოების ვითარება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააცნო. ბრიფინგისას დოქტორმა კოზმამ ასევე ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ სირთულეებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გაჭიანურებულ დახურვასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ როგორ ზღუდავს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ აქტივობები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწასა და წყალს, ასევე ხარისხიან ჯანდაცვას, განათლებას და დასაქმების შესაძლებლობებს.
დოქტორმა კოზმამ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის სადამკვრივებლო მისია ეუთოსთან ერთად განაგრძობს ცხინვალში დაკავებულთა გათავისუფლებისკენ და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრული განახლებისკენ მოწოდებას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატში.
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის შემდეგ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა კოლეგებმა გამოხატეს მადლიერება მოწოდებული ინფორმაციისთვის და მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.
ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაში ამჟამად ორი ხორვატი თანამშრომელი მუშაობს.