პრეს რელიზები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა

27.09.2023
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა სპეციალური ფოტოგამოფენა, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე 15 წლის განმავლობაში ყოფნას. ღონისძიებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, მისიის 15 წლის განმავლობაში მასპინძლობისთვის.

გადამწყვეტი მხარდაჭერა

გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილია ყურადღებით შერჩეული 15 ფოტო, ასახავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მრავალფეროვან ასპექტებს, რაც ხაზს უსვამს მის ურყევ ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ეს სურათები ადასტურებს მისიის ერთგულებას საქართველოში  მისი მანდატისადმი  ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.

გახსნის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მისიის 15 წლის განმავლობაში მასპინძლობისთვის. „უაღრესად მადლობელი ვართ საქართველოს ხალხისა და მთავრობისა, ჩვენი მისიის ამ 15 წლის განმავლობაში მიღებისთვის. ამ გადამწყვეტმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მტკიცედ მოახდინოს ფოკუსირება ჩვენი მანდატის შესრულებაზე, რომელიც მდგომარეობს საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში წვლილის შეტანაში“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უშუალოდ გადაუხადა მადლობა მისიას გაწეული მუშაობისთვის: „2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. იმ დღიდან მოყოლებული, მისიამ საკვანძო როლი ითამაშა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობაში“. დასასრულს პრემიერმა გამოხატა სახელმწიფოს მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ სრული მხარდაჭერის მზადყოფნა.

მოძრავი გამოფენები 

გამოფენა ერთდროულად მოეწყობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში და სამ რეგიონალურ ოფისში მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. ეს იდენტური გამოფენები არ დარჩება უძრავად თავდაპირველ ადგილას. ამის ნაცვლად, თითოეული ეს ოფისი გამოფენებს წარმოადგენს სხვადასხვა ადგილას, როგორებიც არის საჯარო სკოლები, ბიბლიოთეკები, სამხატვრო გალერეები და ქალაქების ადმინსტრაციები. ეს მიდგომა ოთხივე გამოფენას გარდაქმნის „მოძრავ გამოფენებად“, რაც საშუალებას მისცემს უფრო ფართო აუდიტორიას ჩაერთოს და დააფასოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობა რეგიონში მისი 15-წლიანი ყოფნის მანძილზე. 





Follow us on social media