პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია – საქართველოში საქმიანობის 15 წელი

29.09.2023
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა უმასპინძლა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციას. ზუსტად 15 წლის წინ, 1 ოქტომბერს, აგვისტოს ომის შემდეგ 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა დაიწყო პატრულირება საქართველოში. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები პატრულირებენ დღე-ღამის განმავლობაში, 365 დღე წელიწადში - შეაქვთ რა წვლილი საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხანგრძლივ მშვიდობაში. 

ევროკავშირის ერთგულება მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართ

„თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის შემცირების საქმეში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა პრესკონფერენციის დროს, რომელიც გამოირჩა ქართული სატელევიზიო არხების და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი დასწრებით.  

„ევროკავშირის გრძელვადიანი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში ასევე ნათლად იყო ხაზგასმული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ბ-ნ ჯოზეფ ბორელის მიერ, რომელიც საქართველოს სექტემბერში ეწვია,“ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გამოსვლისას. 

მუშაობა უსაფრთხოებისთვის 

ბ-მა კარაბალისმა ჟურნალისტებს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა - მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა.

მუშაობა ნდობის აღდგენისთვის

მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან. „ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა. მან  მოიყვანა მაგალითად თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისიდან და ცხინვალიდან ირიგაციის ექსპერტების შეკრებას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ფერმერებისთვის მათი მიწების მორწყვის კუთხით დასახმარებლად, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში.  

მან ასევე ისაუბრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ, რომლის 114-ე რაუნდი გაიმართა სექტემბერში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან 20000-ზე მეტჯერ გააქტიურდა. „ნდობის აღდგენის ამ მექანიზმებმა მოიტანა მრავალი პრაქტიკული მიღწევა, დაკავებულების გათავისუფლებიდან, დაკარგული მსხვილფეხა პირუტყვის პოვნამდე,“ განმარტა ბ-მა კარაბალისმა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებული ბევრი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან  ღობეების, მავთულხლართების და თხრილების გავლენას. მიმდინარე ‘ბორდერიზაცია’ აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე,  ბავშვებს ართმევს მათ მიერ არჩეულ განათლების მიღების საშუალებას და  მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება,” თქვა ბ-მა კარაბალისმა.

ახალი ვიდეორგოლები - ჩვენი მისიის განმარტება

პრესკონფერენციის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ახალი ვიდეორგოლები წარუდგინა. „ ახალი კორპორატიული ვიდეორგოლი ხაზს უსვამს თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა. განმარტებითი ხასიათის ორი ახალი  ვიდეორგოლი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულების გათავისუფლებაში და ფერმერებს სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ახალი ვიდეორგოლი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა მისიამ შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს განუმარტოს თავისი მანდატი და საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

პრესკონფერენციის დასრულებისას, ბ-მა კარაბალისმა გაიმეორა: „ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება.“





Follow us on social media