პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 115-ე შეხვედრა გაიმართა

01.11.2023
ერგნეთი, 1-ლი ნოემბერი 2023 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 115-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მადლიერება გამოხატეს მონაწილეთა მიმართ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ მათი მყარი ერთგულებისთვის. თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ადრეულ სექტემბერში გამართული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ  უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ამავე დროს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები, მათ შორის უსაფრთხოების ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას და მონაწილეებს მოუწოდეს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.  

თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ და წარმოადგინეს კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე კვლავ დგას დაბრკოლებები, რომლებიც ზღუდავენ მათ საარსებო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელს უშლიან მათ სოციალურ ურთიერთობებს. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე და იზოლირებულ თემებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ აღნიშნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების რეზოლუციის მიღების გუშინდელი 23-ე წლისთავი და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის კონტექსტში ქალების მძიმე გამოცდილების გაანალიზების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ მისთვის გადაწყვეტილების ძიებაში. 

მონაწილეები მიესალმნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებს. მაგალითად, მათ განსაკუთრებით დადებითად აღნიშნეს, თანამშრომლობა ექსპერტებს შორის 27 ოქტომბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომლის დროსაც შეთანხმებული იქნა წყლის გაზიარების საერთო მიდგომა მომავალი 2024 წლის სარწყავი სეზონის დროს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას, დაძაბულობის შემცირებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

მონაწილეები შეთანხმდნენ რომ შემდეგი შეხვედრა 2023 წლის 13 დეკემბერს გაიმართება. 




Follow us on social media