პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მამუკა ყუფარაძე და მადინა გაგლოევა მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2023 წლის სპეციალური პრიზის გამარჯვებულად დაასახელა.

01.02.2024

თბილისი, 2 თებერვალი 2024 წელი– დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დოქტორმა ტიბორ კოზმამ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა მამუკა ყუფარაძესა და მადინა გაგლოევას სტუდია რე (Studio Re)-დან დოკუმენტური ფილმისთვის „კონფლიქტის ჩრდილქვეშ”. ფილმი ასახავს ოძისის რაიონში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ორი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში  საშუალებას მისცემს ბ-ნ ყუფარაძეს და ქ-ნ გაგლოევას 2024 წელს ჩაერთონ კიდევ ერთ ერთობლივ მედია პროექტში.

გულებისა და გონების ჩასწვდომის ძალა

„გასულ წელს საქართველოში 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა.  ზოგიერთი ჭრილობა ნაწილობრივ შეხორცდა, მაგრამ ბევრი, სამწუხაროდ, კვლავ ღია რჩება. კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ურთიერთობა გაწყვეტილი რჩება, ღობეებითა და მავთულხლართებით, რომლებიც ჰყოფენ ყოფილ მეზობლებს, კლასელებსა და მეგობრებს“, - თქვა დოქტორმა ტიბორ კოზმამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დაჯილდოების ცერემონიალზე მის გამოსვლაში.

„ჩვენ წვლილი შეგვაქვს  სტაბილურობაში სადამკვირვებლო საქმიანობისა და ანგარიშგების მეშვეობით. მაგრამ თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, შეგიძლიათ ჩასწვდეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების გულებსა და გონებას. და სწორედ თქვენი დამაჯერებელი ისტორიები ეხმარება ქართველების, ოსების, აფხაზებისა და სხვა ადამიანების დაახლოებას. თქვენ შეგიძლიათ მათ საერთო, აყვავებული მომავლის იმედი მისცეთ“, - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

თავის გამოსვლაში დოქტორმა კოზმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე მე-11 წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აჯილდოვებს ქვეყანაში კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე საუკეთესო ჟურნალისტურ ნაშრომს. „წელს ჩვენ მივიღეთ ნაშრომები არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი, ოსი და ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტებისგან; თბილისიდან და მთლიანად რეგიონებიდან. და არა მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტებისგან, არამედ ბლოგერების, აქტივისტებისა და სტუდენტებისგან. ეს გვაძლევს იმედს. ეს გვაძლევს იმედს, რომ კონფლიქტების მოგვარების სურვილი  ღრმად არის განმსჭვალული საზოგადოებაში“, - დაასკვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

საპატიო აღნიშვნა 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებულების გარდა, საპატიო აღნიშვნა მიიღეს შემდეგ ჟურნალისტებმა მათი გამოჩენილი ჟურნალისტური ნაშრომებისთვის: 

• ტატა ბერაია (ამჟამინდელი დრო Current Time) სტატიისთვის 30 წლის წინ აფხაზეთში სოხუმისთვის ბრძოლები დასრულდა

• მარიამ ყვავაძე (Tok TV) ბლოგისთვის ჟამი ნეშტთა შეგროვებისა

• ქრისტინე მარაბიანი (Jnews.ge) სტატიისთვის ქალები კონფლიქტებში

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მე-11 კონკურსი 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Delegation of the European Union to Georgia  მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ჟურნალისტური კონკურსის EU Prize for Journalism in Georgia, შვიდი კატეგორიიდან ერთ-ერთი. 2013 წელს დაწყებიდან ის ზედიზედ მეთერთმეტე წელია გადაეცემა. პრიზი წარმოაჩენს ეთიკურ, დამოუკიდებელ და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და მშვიდობას თემებს შორის, რაც მისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

წინა გამარჯვებულთა სია:

2013 ოლესია ვართანიანი

2014 გოგიტა აფციაური

2015 ნინო ჩიფჩიური

2016 გვანცა დოლუაშვილი

2017 ნინო გოგუა

2018 ნიკა გაბლიშვილი

2019 მამუკა ყუფარაძე

2020 ქეთევან მაღრაძე

2021 ზვიად მჭედლიშვილი

2022     ლელა კუნჭულია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი პრიზის ორგანიზება ხდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.


დაჯილდოების ცერემონიის შემდგომი გაშუქება ხელმისაწვდომია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სოციალური მედიის ანგარიშებზე:  Facebook, Twitter და Instagram.  

 

Follow us on social media