თბილისი, 16 აპრილი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოში (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ფინეთის მუდმივი წარმომადგენლის, ელჩ ვესა ჰაკინენის ხელმძღვანელობით. პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ფინეთის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. მათ განმარტეს თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, მათ შორის ისეთი ფიზიკური ბანერების აღმართვა, როგორებიც არის ღობეები, მავთულხლართი და სათვალთვალო კოშკურები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე.
პატრულირებაზე გასვლამდე, ფინეთის დელეგაციის წარმომადგენლებს თბილად მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რგოლი, მისიის სათაო ოფისში, თბილისში. მათ მიიღეს განახლებული ინფორმაცია მანდატთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების მოვლენათა განვითარებაზე. ეუთოში ფინეთის მუდმივი მისიის წარმომადგენლებმა გაუზიარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ რგოლს, ფინეთის მიერ ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, რომელსაც ფინეთი განახორციელებს 2025 წელს.
ფინეთის დელეგაციამ და მისიის ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასეს ნაყოფიერი, ხანგრძლივი თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ეუთოს შორის, განსაკუთრებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარეობის კუთხით. მისი 118-ე შეხვედრა ერგნეთში გაიმართა 2024 წლის 20 მარტს.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის საქმიანობის მიმართ. მისიის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ამჟამად მისიაში ფინეთის 10 წარმომადგენელი მსახურობს.