გორის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ დიცის მოსახლეობის მიერ ღობეების აღმართვის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები 27 მაისს, საღამოს, შექმნილი სიტუაციის განსახილველად ადგილზე შეიკრიბნენ. ყველა მონაწილე მხარის თხოვნით შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ესწრებოდა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის წინ, სადაც ყველა მხარე ამ მწვავე საკითხის განხილვას აპირებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად, დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და დამოუკიდებელი აზრის ჩამოსაყალიბებლად 28 მაისს დაბრუნდა.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ღობეებისა და დაბრკოლებების აღმართვის პროცესის ზრდა შენიშნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს", _ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა. "მომხდარმა შეიძლება გაღიზიანება და დამატებითი პროტესტი გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ამ მგრძნობიარე რეგიონში შემდგომ დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანოს."
"ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", განაგრძო ელჩმა ტიშკევიჩმა. "ღობეების აღმართვა ხელს უშლის ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას და ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას. ეს მიუღებელია."
ღობეების აღმართვის ბოლოდროინდელი ფაქტის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე შენიშნა ყველა მხარის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლობის რაოდენობის ზრდა დიცის მახლობლად. ამან თავის მხრივ შესაძლოა დაძაბული ვითარების ესკალაცია და არა განმუხტვა გამოიწვიოს.
2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დასაკვირვებლად, ინციდენტების შესახებ ანგარიშების მოსამზადებლად და ზოგადად, რეგიონში ყოფნით საერთო უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესების ხელშესაწყობად დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებენ, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით, რომელიც სატელეფონო ცხელი ხაზისა და ყოველთვიური შეხვედრებისგან შედგება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად ხელს უწყობს ყველა მხარეს შორის დისკუსიების წარმართვას, რათა შესაძლებელი გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება და მოიძებნოს გამოსავალი მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად.