ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ახლახანს შეხვედრების ოცდამეოთხე რაუნდი დაასრულეს.
პირველ სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. ბოლო დროს ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ სამწუხაროა ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სხვადასხვა ადგილებში ღობეების აღმართვა და თხრილების მოწყობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოვლენებმა ნეგატიური ზეგავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეებმა ყველა დაინტერესებულ მხარეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არსებული საშუალებების, მათ შორის, შეთანხმებული ერთობლივი ვიზიტების გამოიყებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე ყველა ჩართულ მხარეს 2008 წლის 12 აგვისტოსა და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმებათა შესრულებისკენ მოუწოდეს.
მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების აღდგენის საჭიროება და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უწყვეტ, პოზიტიურ ფუნქციონირებას მიესალმნენ. ექსპერტთა ჯგუფმა განაგრძო მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტზე. მათ გაცვალეს მოსაზრებები და შეთანხმდნენ, რომ განცხადების პროექტზე მუშაობას მომდევნო რაუნდის განმავლობაში გააგრძელებენ.
მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მონაწილეებმა ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სხვადასხვა ადგილებში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე საუბარი იყო გადაადგილების თავისუფლებასთან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან და საცხოვრებელი პირობებთან დაკავშირებული საკითხების ჰუმანიტარულ ასპექტებზე.
თანათავმჯდომარეებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ ორმა სამუშაო ჯგუფმა ვერ შეძლო განრიგით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად ამოწურვა ორგანიზაციულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო. გამოსავალის საპოვნელად, თანათავმჯდომარეები გააგრძელებენ კონსულტაციებს მოცემულ საკითხზე.
პირველ დღეს მონაწილეები დაესწრნენ საინფორმაციო სესიას, რომელიც საერთაშორისო სამართალში ცალმხრივი ვალდებულებების ღირებულებებსა და ფუნქციებს მიეძღვნა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 2013 წლის 15-16 ოქტომბერს გაიმართება.
პრესის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისს