პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შიშეშფოთებას გამოთქვამს იმ ზეგავლენის გამო რაც ღობეების აღმართვას მოსახლეობისთვის მოაქვს

02.08.2013
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის, მიწაყრილებისა და თხრილების მოწყობის პროცესის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეგავლენის გამო შიშეშფოთებას გამოთქვამს. ეს პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე მზარდ გავლენას ახდენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ დაკავების შემთხვევები კვლავაც გრძელდება. მისია ამჩნევს გადაკვეთის უფრო შემზღუდავი  პროცედურების ტენდენციის არსებობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს.

"დაბრკოლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე  ახდენს გავლენას, რადგან იგი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს არღვევს და საზოგადოებას ყოფს" - განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ ფიშერმა. "გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები უფრო და უფრო ზღუდავს ადამიანებს შორის შესაძლო კონტაქტს, რომელიც მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი კომპონენტია." 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ სადავო მიდამოების პატრულირებას მიმდინარე მოვლენების ზუსტი და ფაქტობრივი შეფასების მიზნით. მისია ასევე გააგრძელებს ცხელი ხაზის და ყველა სხვა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის გამოყენებას, რათა ყველა მხარეს მოუწოდოს განსაზღვრონ და განიხილონ პრობლემების ადგილზე მოგვარების გზები, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს.

Follow us on social media