პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეორე შეხვედრა გაიმართა

27.02.2014

2014 წლის 27 თებერვალს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მათ შორის - ბოლო დროინდელი დაკავების შემთხვევებისა და სისხლის სამართლის საქმეები. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს რიგ კონკრეტულ შემთხვევებზე. სასოფლო - სამეურნეო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობაზე ღობეების აღმართვის შედეგად შექმნილი ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად თანათავჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს პრაგმატულად მიუდგნენ სასოფლო - სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის საკითხს.

მონაწილეებმა კონსტრუქციულად განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სოფლებისთვის ელექტროენერგიის და წყლის მიწოდებასთან  დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 21 მარტს გაიმართება. 

Follow us on social media