პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 62-ე შეხვედრა გაიმართა

20.01.2016
2016 წლის 20 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეები მიესალმნენ ელჩ ბეხლერს, ახალ თანათავმჯდომარეს ეუთოს მხრიდან, რომელიც 2016 წლის 1 იანვარს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის მიერ სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ელჩ ბეხლერს, რომელმაც ელჩი ანჯელო გნედინგერი ჩაანაცვლა, რეგიონში დიდი გამოცდილება აქვს. იგი საქართველოში შვეიცარიის ელჩად მსახურობდა.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული მშვიდი მდგომარეობა და მონაწილეთა მზადყოფნა, ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენების გზით, ერთობლივად გადაწყვიტონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მონაწილეებმა სარწყავი წყლის პრობლემების გადაჭრის გზებიც განიხილეს და გადაწყვიტეს, ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, გაცვალონ ტექნიკური ინფორმაცია ტირიფონის არხის სისტემის სრული ამოქმედებისთვის.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება და მიწის ხელმისაწვდომობა განიხილეს. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემებისადმი ეფექტიანი მიდგომისკენ მოუწოდეს.

შემდეგი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.





Follow us on social media