2017 წლის 19 დეკემბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 83-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ღია და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა.
შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
შეხვედრა ელჩმა ბეხლერმა გახსნა, რომელმაც მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ცხინვალში დიდი ხნის განმავლობაში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბატონმა ჰოგმა უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა, რაც საერთო უსაფრთხოების მდგომარეობას, ცხელი ხაზის ამოქმედებას და დაკავებათა შემთხვევებს მოიცავდა. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც კონტროლირებადი, ასევე აღინიშნა დაკავებათა რაოდენობის შემცირება წინა შეხვედრის შემდეგ. თანათავჯდომარეებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს მათი თანხმობისთვის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების ღონისძიებებზე ადრეულ შეტყობინებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მომავალი მოვლენების შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით დამატებითი ინფორმაციის გაცვლისკენ.
მონაწილეებმა განიხილეს სამხედრო წვრთნები და ასევე ახალი ღობეების აღმართვის, მავთულხლართებისა და ბანერების ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე. განხილული იყო ერთობლივი ქმედებები და სამომავლო გეგმა ფერმერთა მიწის ირიგაციასა და ბუნებრივი ხანძრების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით.
თანათავჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს მუდმივი ჩართულობისთვის, რაც რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ თავისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელოვანი პლატფორმის სრული პოტენციალის გამოყენების მზადყოფნა დაადასტურა, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოსაგვარებლად.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 83-ე შეხვედრის მონაწილეები ერგნეთში მორიგი სხდომისთვის იკრიბებიან
ერგნეთის შეხვედრა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვედრის დეტალებს სხდომის დაწყებამდე განიხილავენ
შეხვედრის თანათავმჯდომარეები მონაწილეებს დისკუსიის დასაწყებად უხმობენ
ნაყოფიერი დისკუსია მიმდინარეობს
ბატონმა ჰოგმა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთო-ს წევრები შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეს რელიზს ამზადებენ