2018 წლის 17 იანვარს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 52-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა ღია და პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 28 ნოემბერს ჩატარებული წინა შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო, სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ქონია.
დღის წესრიგში კვლავ იყო ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება სათანადოდ არ სრულდება და მონაწილეებს თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვისკენ მოუწოდა, ტექნიკური შეხვედრების ჩატარების ჩათვლით. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს რამდენიმე გრძელვადიანი პატიმრის ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ყველა მხარეს დარჩენილ შემთხვევებთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
ფართოდ განიხილებოდა ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაცია. მისიამ ხაზი გაუსვა ამ პროცესის უარყოფით ზეგავლენას ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაზე, რაც ზღუდავს მათი მიწების ხელმისაწვდომობასა და გადაადგილების თავისუფლებას და მონაწილეებს გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჰუმანური მიდგომისკენ მოუწოდა.
განიხილეს რეგიონში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებული საკითხები. მისიამ მოუწოდა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვაში ჩრთულ მონაწილეებს აქტიურად გამოიყენონ ცხელი ხაზი გამჭვირვალობისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად სამხედრო ღონისძიებებთან დაკავშირებული წინასწარი გაფრთხილებისთვის.
შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 2018 წლის 27 თებერვალს გაიმართება.