პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 84-ე შეხვედრა გაიმართა

24.01.2018
2018 წლის 24 იანვარს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 84-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ღია და პოზიტიურ ატმოსფეროში ჩატარდა.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრა ბ-მა ერიკ ჰოგმა გახსნა და 2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა.  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი.  თანათავჯდომარეებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს ცხელი ხაზის მუდმივი და აქტიური გამოყენებისთვის ადგილზე უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.

ბაშარულის გამოძიების საქმეში გამჭვირვალობის საკითხი კვლავ განიხილებოდა.

მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნეს ცხელი ხაზის გამოყენების მნიშვნელობა იმ შემთხვევებში, როდესაც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად შეინიშნებიან სამოქალაქო პირები ცეცხლსასროლი იარაღით.

განიხილებოდა "ბორდერიზაციის" ზეგავლენა და, განსაკუთრებით, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და შეშის შეგროვების საკითხები. თანათავჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს გააგრძელონ განხილვა და ხაზგასმით აღნიშნეს საკითხის ჰუმანიტარული განზომილება.

თანათავჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს საერთო კონსტრუქციული მიდგომა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო / უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების მიერ ჩატარებული საქმიანობის ჩამონათვალის გაზრდას, რომლის შესახებ შეიძლება წინასწარი შეტყობინება ცხელი ხაზის მეშვეობით. ამასთან ერთად, ბატონმა ჰოგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარების მნიშვნელობა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2018 წლის 1 მარტს გაიმართება.



შეხვედრის მონაწილეები, როგორც ყოველთვის, ერგნეთში კარვის წინ იკრიბებიან


საქართველოს წამყვანი მონაწილე კახაბერ ქემოკლიძე, დღის წესრიგის ძირითად საკითხებს  შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე მიმოიხილავს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, სამხრეთ ოსეთის წამყვან მონაწილე მურატ ჯიოევს ესაუბრება


შეხვედრის თანათავჯდომარეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლი ელჩი გიუნტერ ბეხლერი ერგნეთში 84-ე შეხვედრას იწყებენ


შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა გახსნა და 2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა  


შეხვედრის თანათავჯდომარეები ხანმოკლე შესვენების დროს დღის წესრიგის ზოგიერთ საკითხზე დისკუსიას განაგრძობენ


დისკუსია მიმდინარეობს


მედიის წარმომადგენლები კარავთან


სამხრეთ ოსეთის წამყვანი მონაწილე მურატ ჯიოევი შეხვედრის შედეგებს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აჯამებს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი დეს დოილი 84-ე  შეხვედრის პრეს რელიზს ამზადებს

Follow us on social media